ბადრი ჯაფარიძე კახა კუჭავას მიერ პოსტის დატოვებაზე: ვფიქრობ, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ალბათ, რაღაც მიზნებს ემსახურება

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ალბათ, რაღაც მიზნებს ემსახურება, – ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კახა კუჭავას გადადგომა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

მისი თქმით, სპიკერის თანამდებობაზე კუჭავას გადადგომითა და სხვა პირის დანიშვნით არაფერი შეიცვლება.

„ეს „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი სტილია. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ალბათ, რაღაც მიზნებს ემსახურება. შემდგომ კვირაში არის საგანგებო სესია და შესაძლოა ამ სესიაზე სურთ, რომ მოხდეს ახალი სპიკერის დამტკიცება. „ქართული ოცნების“ მართვის სტილი ისეთია, გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და არა იქ, სადაც კონკრეტული ადამიანი თანამდებობას იკავებს.

კომუნიკაციისთვის, რა თქმა უნდა, ბატონი კახა არის ძალიან კარგი პიროვნება, მასთან კომუნიკაცია არის ძალიან ადვილი, თუმცა, გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღება სხვაგან. ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება. სპიკერის ცვლილება არ გამოიწვევს რაიმე ცვლილებას, ან პარლამენტის საქმიანობაში ან პარლამენტის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმ თვალსაზრისით, რომ როგორც იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი „ქართული ოცნებაში,“ იგივე რჩება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები