სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია: ძმები ფუხაევებისთვის წარდგენილი ბრალდება შეთითხნილია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო გენერალური პროკურორი დანაპირებს შეასრულებს და ძმები ფუხაევების საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბრალდება, რომელიც იგორ და ბათირ ფუხაევებს წარუდგინეს, არის შეთითხნილი და არცერთ მათგანს არანაირი კავშირი არ აქვს 2006 წელს ჩატარებულ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ალტერნატიულ არჩევნებთან.
განცხადების თანახმად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის საზოგადოება, იმედს გამოთქვამს, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.
“2014 წლის 23 ივლისს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა ცხინვალის ტელევიზიის ეთერში ოფიციალურად განაცხადა, რომ იგორ და ბათირ ფუხაევების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე (ისინი ამა წლის 11 ივლისს იყვნენ დაკავებულნი). მათ ბრალს სდებენ სამშობლის ღალატში. ამის მთავარ “მტკიცებულებად” ცხინვალში ასახელებენ მათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას. კომენტარში მერაბ ჩიგოევი ასევე ამბობს, რომ ამ საქმის გამოძიება იქნება უაღრესად ობიექტური. ბრალდება, რომელიც იგორ და ბათირ ფუხაევებს წარუდგინეს, არის შეთითხნილი და არც ერთ მათგანს არ აქვს არანაირი კავშირი 2006 წელს ჩატარებულ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ალტერნატიულ არჩევნებთან. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალის რეგიონის გენერალური პროკურორი შეასრულებს დანაპირს და ეს საქმე ნამდვილად ობიექტურად იქნება გამოძიებული. ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ყველა ბრალდება, რომელიც იგორ და ბათირ ფუხაევებს წარუდგინეს, არის შეთითხნილი. ძმები ფუხაევები არიან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის მსხვერპლი. საჭიროების შემთხვევაში ცხინვალის სამართალდამცველებს ადვილად შეუძლიათ ამის მტკიცებულებების მოპოვება”, – აცხადებენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომელი, საქართველოს მოქალაქე იგორ ფუხაევი და მისი ძმა, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბათირ ფუხაევი 2014 წლის 11 ივლისს ცხინვალში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ ბრალს სდებენ სამშობლოს ღალატსა და უშუალო კავშირში 2006 წელს ჩატარებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის არჩევნებთან. ორივე ძმა საკუთარი დედის დაკრძალვაზე დააკავეს. (მათი დედა თბილისში მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “წითელი ჯვრის” მისიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მისი ცხინვალში გადასვენება). ცხინვალში შესვლიდან 6 საათის შემდეგ მათი დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები