„ჯორჯო ბელო“, იგივე „ლამაზი გიორგი“ – ქართველი ექიმი, რომელსაც იტალიაში დღესაც მოწიწებით იხსენიებენ

იტალიაში დღესაც მოწიწებით იხსენიებენ გიორგი ყაუხჩიშვილის სახელს, როგორც ნეიროგერიატრიის სკოლის ერთ–ერთ დამაარსებელს, ბრწყინვალე მეცნიერსა და პედაგოგს, რამდენიმე ენის უბადლო მცოდნესა და ქარიზმატულ პიროვნებას.


გიორგი ყაუხჩიშვილი დაიბადა ბერლინში 1923 წლის 19 ოქტომბერს. ბერლინის კანტის სახელობის ლიცეუმში განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა მილანის უნივერსიტეტში, სადაც 1947 წელს ზოგადი მედიცინისა და ქირურგის დიპლომის მიღებისთანავე მილანის ზოგადი მედიცინის ინსტიტუტში გაიარა ინტერნატურა და 1949 წელს პათოლოგიური მედიცინის ინსტიტუტში დაოსტატდა. 1956 წელს მილანის სამედიცინო დეპარტამენტთან არსებული მოხუცთა სახლის დირექტორად დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდიდან შეუდგა იგი ასაკოვანთა ნევროფსიქიატრიისა და გერიატრიის საკითხების კვლევას.

1959–1965 წლებში გიორგი ყაუხჩიშვილი პავიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარია. მან ჩაუყარა საფუძველი ქალაქ პავიის საავადმყოფოში შაკიკის კვლევის მიმართულებებს და იქ ანალოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

გიორგი ფიზიკურად ძალიან ლამაზი კაცი ყოფილა, ნამდვილი ქართული გარეგნობით. იტალიელები მას „ჯორჯო ბელოს“ – „ლამაზ გიორგის“ ეძახდნენ და მისი კეთილი საქმეები დღემდე ახსოვთ.
მოგვიანებით გიორგი ყაუხჩიშვილი მოღვაწეობდა ლოს–ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის გერონტოლოგიის ცენტრში (Gerontology Center of UCLA) და შემდეგ კი კიოლნის მაქს პლანკის ინსტიტუტში. სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 93–ზე მეტი ნაშრომი.

1975 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად შეწყდა გიორგი ყაუხჩიშვილის სიცოცხლე.

ღვაწლმოსილი მეცნიერის ხსოვნის უკვდავსაყოფად მადლიერმა კოლეგებმა და სტუდენტებმა 1992 წელს შექმნეს გ. ყაუხჩიშვილის სახელობის ადაპტაციის დარღვევებისა და თავის ტკივილის საუნივერსიტეტო ცენტრი (University Centre for Adaptive Disorders and Headache), რომელიც იტალიისა და ევროპის 11 უნივერსიტეტს აერთიანებს. მათვე, „იტალიის მონდინის სახელობის ნევროლოგიის კვლევითი ცენტრის“ ინიციატივით, დააარსეს გ. ყაუხჩიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

ყაუხჩიშვილები წარმოშობით ახალციხიდან არიან. მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს სოლომონ II–მ მათი ოჯახი სხვა კათოლიკე მესხებთან ერთად ქუთაისში ჩაასახლა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, გიორგი ყაუხჩიშვილის მამა, მიხეილი, პროფესიით ინჟინერი, ელექტრო–მაქანიკოსი იყო, განათლება სანკტ–პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. იგი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს გააგზავნა საქართველოს ეკონომიკურ წარმომადგენლად შვედეთში. 1919 წ. გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც მან თავისი საქმიანობა ფირმა “სიმენსს” დაუკავშირა. 1931-1939 წლებში იყო ფირმის დირექტორი გერმანიაში, ხოლო 1939-47 წლებში იმავე ფირმის იტალიური განყოფილების დირექტორი. მისი მეუღლე ებრაული წარმოშობის პეტერბურგელი ქალბატონი იყო. სწორედ ეს გახდა ყაუხჩიშვილების გერმანიიდან იტალიაში გადასახლების მიზეზი.

მიხეილ ყაუხჩიშვილის ძმა გახლდათ ცნობილი ბიზანტინოლოგი, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი.

გიორგი ყაუხჩიშვილი დაქორწინებული იყო იტალიელ მანდილოსანზე – ფრანჩესკა მელცი დ’ერილზე, რომელთანაც ეყოლა შვილები – მიხეილ და ელენე ყაუხჩიშვილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები