კობა ნაყოფია: შიმშილობა ყველაზე არაძალადობრივი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მძიმე პროტესტის ფორმაა, ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე
“ეს არის ყველაზე არაძალადობრივი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მძიმე პროტესტის ფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას შერიგების პროცესი არ აწყობს.
„ეს პროტესტი გაგრძელდება, ეს არის უწყვეტი პროტესტი, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით. ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ეს პროცესი გაგრძელდება. სხვა გზა არ არის დატოვებული, ხელისუფლებას რეალურად არ აწყობს დეპოლარიზაცია, არ აწყობს პოლარიზაციის გრადუსის დაწევა, არ აწყობს შერიგების პროცესი, მათ აწყობთ აი, ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენ გვაქვს დღეს. ამ დროს საზოგადოებაში განწყობა არის აბსოლუტურად სხვანაირი. განწყობა არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და ქვეყანაში დაიწყოს რეალური ცვლილებები. ეს არის ყველაზე არაძალადობრივი, ყველაზე მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მძიმე პროტესტის ფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე“, – განაცხადა ნაყოფიამ.