ფიურერის ძმისშვილი ბიძის წინააღმდეგ აშშ-ის ფლოტში იბრძოდა – ჰიტლერების დაპირისპირების ქრონიკა

უილიამ პატრიკ სტიუარტ-ჰიუსტონი (გვარად ჰიტლერი) ალოის ჰიტლერ უმცროსის ვაჟი იყო და შესაბამისად, ადოლფ ჰიტლერის ნახევარძმის შვილი გახლდათ. ის 1911 წელს ინგლისში, ლივერპულში, Toxteth-ის რაიონში დაიბადა. იმ სახლში, რომელიც, ბედის ირონიით, გერმანიის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოგვიანებით განადგურდა.

ალოის ჰიტლერ უმცროსი და ირლანდიელი ბრიჯიტ დოულინგი ერთმანეთს 1909 წელს დუბლინში შეხვდნენ. 1910 წელს წყვილი დაქორწინდა და ლივერპულში დაბრუნდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ალოის ჰიტლერმა ცოლ-შვილი ინგლისში დატოვა და გერმანიაში დაბრუნდა, სადაც ახალი ოჯახი შექმნა. როდესაც უილი 18 წლის გახდა, ის დაუკავშირდა მამას, რომელმაც შვილი ნაცისტების მიტინგზე წაიყვანა, სადაც უილმა პირველად დაინახა ბიძია ადოლფი. 1930 წელს ის კვლავ ეწვია გერმანიას, თუმცა ამჯერად პირადად შეხვდა ბიძას და მისგან სამახსოვროდ ფოტოც მიიღო, ავტოგრაფით.

adolf hitler nephew photographs

ჰიტლერების შეხმატკბილებული ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1931 წელს, გერმანიაში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ უილიამმა გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია ბიძაზე, რომლის ბრწყინვალებამ და პოპულარობის სწრაფმა ზრდამ ის ევროპული და ამერიკული საზოგადოებისთვის საინტერესო პიროვნებად აქცია.

თუმცა, უილიამის თქმით, ნაცისტების ლიდერს არ მოსწონდა, თუ როგორ იყო დახასიათებული ის სტატიებში, ამიტომ ადოლფ ჰიტლერმა უილიამს უბრძანა, მასზე წერა შეეწყვიტა.

უილიამის მიერ ბიძის შესახებ 1931 წელს გამოქვეყნებულმა სტატიებმა მოულოდნელი შედეგები მოიტანა. როცა მისი და ადოლფის ურთიერთობა საჯარო გახდა, უილიამი ინგლისში „პერსონა ნონ გრატად“ იქცა. 1932 წელს ის დაითხოვეს სამსახურიდან და სხვა სამუშაოს პოვნის შანსიც, ფაქტობრივად, წაერთვა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, დახმარება ისევ ბიძისთვის ეთხოვა და სამუშაო გერმანიაში ეძებნა – იქნებ დაერწმუნებინა გავლენიანი ბიძა, დახმარებოდა საკუთარ ძმისშვილს. 1933 წელს უილიამი დაბრუნდა ნაცისტურ გერმანიაში, რათა ჰიტლერის მზარდი ძალაუფლებით ესარგებლა. ადოლფმა, რომელიც უკვე კანცლერი იყო, ძმისშვილს სამუშაო მოუძებნა ბერლინში, რაიხსკრედიტბანკში.

მოგვიანებით, უილიამი მუშაობდა „ოპელის“ საავტომობილო ქარხანაში, ასევე, ჰყიდდა მანქანებს. სამუშაოთი უკმაყოფილომ, უილმა კვლავ სთხოვა ბიძას, მოეძებნა მისთვის უკეთესი სამსახური. წერდა მას შანტაჟითა და მუქარით, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა, გაზეთებს მისი ოჯახის შესახებ „უხერხულ ამბებს“ მიჰყიდდა.

1938 წელს ადოლფმა უილიამს სთხოვა, უარი ეთქვა ბრიტანეთის მოქალაქეობაზე მაღალი რანგის სამსახურის სანაცვლოდ. უილი ეჭვობდა, რომ ბიძას მისი მოტყუება სურდა, ამიტომ ის გაიქცა ნაცისტური გერმანიიდან და კვლავ ბიძის შანტაჟი გააგრძელა.

www.rarehistoricalphotos.com

უილიამი იმუქრებოდა, რომ პრესას ეტყოდა, რომ ადოლფის სავარაუდო ბაბუა ებრაელი ვაჭარი იყო. ის დაბრუნდა ლონდონში, სადაც დაწერა სტატია – „რატომ მძულს ბიძაჩემი“. არსებული ვარაუდებით, 1938 წელს, ხანმოკლე პერიოდით, უილი ისევ დაბრუნდა გერმანიაში.

ინგლისში დაბრუნების შემდეგ მან სცადა შეერთებოდა ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ჰიტლერთან პირდაპირი კავშირის გამო, უარი მიიღო.

www.rarehistoricalphotos.com

ასე რომ, 1939 წლის თებერვალში იგი დედასთან გაემგზავრა აშშ-ში. სურდა, ადამიანებისთვის გაეზიარებინა ის, რაც ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური რეჟიმის შესახებ იცოდა. მან ეს მოახერხა სალექციო კურსის მეშვეობით, რომელსაც ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და გამომცემელი, უილიამ რენდლოფ ჰერსტი აფინანსებდა.

საბოლოოდ, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტისთვის სპეციალური თხოვნის შემდეგ, უილიამი შეუერთდა აშშ-ის საზღვაო ფლოტს 1944 წელს. ომის დასრულების შემდეგ მაინ შეიცვალა გვარი, რადგან არსებული გვარი დიდ ყურადღებას იქცევდა, რის გამოც ის დაიღალა კიდეც. ასე რომ, უილიამი სტიუარტ-ჰიუსტონი გახდა.

გარდაიცვალა 1987 წლის 14 ივლისს. დაკრძალეს ნიუ-იორკში, დედის გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები