ბავშვობიდან ქართულ საქმეში – ელისე პატარიძის ბრძოლა სამშობლოსთვის

ელისე პატარიძე (ხელჯოხით) ქართველ ემიგრანტთა ჯგუფთან

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წვერი, ჟურნალისტი და გამომცემელი ელისე პატარიძე სოფელ ნაკარევში (ქუთაისის მახლობლად) დაიბადა. ოთხი წლისას მამა გარდაეცვალა. დაობლებული ბავშვის აღზრდაში დედას მაზლიშვილები ეხმარებოდნენ. ახალგაზრდები რევოლუციურ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმულნი და რადგან პატარა ელისეს გვერდიდან არ იშორებდნენ, ისიც უნებლიედ ბავშვობიდანვე გახდა მოწმე კაზაკთა დამსჯელი რაზმების არაერთი მხეცური საქციელისა.

ელისე თავდაპირველად სასწავლებლად ჭიათურაში მიაბარეს, მაგრამ უდედოდ ვერ გაძლო და სოფელში გაიქცა. მოგვიანებით დედამ ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში შეიყვანა, სადაც საუკეთესო მოწაფე გახდა, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1917 წელს ჩაირიცხა თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ეკონომიკური განხრით.

ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი პირველი ყრილობა 1917 წელს შედგა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ელისე პატარიძე ყრილობაზე წარგზავნილი იქნა ბათუმის ოლქიდან და ახალგაზრდებიდან სწორედ ის აირჩიეს მთავარი კომიტეტის წევრად. იგი დიდი ხნის მანძილზე გახლდათ კომიტეტის მდივანი და ღირსეულად ატარა ეს საპასუხიმგებლო ტვირთი. ესწრებოდა 1919 წლის 12 მარტს მოწვეულ საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომებს და ანგარიშებს აქვეყნებდა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მთავარ ორგანოში – გაზეთ „საქართველოში“. ბუნებით ლიდერი იყო, უნივერსიტეტშიც სტუდენტთა კავშირის წევრად აირჩიეს და აქაც ყველას ეხმარებოდა, რითაც კი შეეძლო. პარალელურად თანამშრომლობდა ეროვნულ–დემოკრატ ახალგაზრდათა ჟურნალ „ახალ ძალასთან“.

1918 წელს, ბათუმისთვის წარმოებული ბრძოლების დროს ელისე პატარიძე უყოყმანოდ წავიდა თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად. წითელი არმიის შემოჭრისას არტილერისტ ილიკო მახარაძის ნაწილში იბრძოდა ტაბახმელასა და კოჯორში. 1921 წელს, საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ემიგრაციაში არ წასულა. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922-24 წლებში თანამშრომლობდა ანტიბოლშევიკური აჯანყების ორგანიზატორ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან.

1930 წელს გამოშვებული „პეჟო“

1924 წლის აგვისტოს, აჯანყების დამარცხების შემდეგ ელისე პატარიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა  და შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო. საფრანგეთში, ვალენტინეში ჯერ საავტომობილო ფირმა „პეჟოს“ ქარხანაში ფიზიკურად მუშაობდა, ფრანგულის საკმარისად შესწავლის შემდეგ კი, 1930 წლიდან „პეჟოს“ პარიზის ბიუროში მსახურობდა.

ელისე პატარიძე ემიგრაციაშიც აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. მისი დამსახურებაა რომ ვალენტინეში ამოქმედდა ქართული სტამბა (დიმიტრი სინჯიკაშვილთან ერთად). ამ სტამბაში არაერთი წიგნი და ჟურნალი გამოიცა: ქართული კალენდარი, ალექსანდრე ასათიანისა და ზურაბ ავალიშვილის წიგნები, აქვე იბეჭდებოდა „სამშობლო“ და „მხედარი“.

ელისე პატარიძე იყო პარიზის წმ. ნინოს ქართული ეკლესიის ერთ–ერთი დამაარსებელი, სამრევლო საბჭოს მდივანი. გარკვეული ხნით თავმჯდომარეობდა ქართულ სათვისტომოს (შალვა აბდუშელიშვილის შემდეგ). ლევან ზურაბიშვილთან ერთად დაარსა „ქართული ეროვნული ცენტრი“. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1949 წლიდან ხელმძღვანელობდა ჟურნალ „ივერიას“.

1953 წლიდან ელისე პატარიძე ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო. ერთხანს უცხოეთში მოღვაწე ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირსაც თავმჯდომარეობდა.

ელისე პატარიძის ინტენსიური ჟურნალისტური მოღვაწეობა 1929 წელს ჟურნალ „სამშობლოს” ფურცლებზე დაიწყო. წერდა პოლიტიკურ და ისტორიულ სტატიებს. პუბლიცისტური წერილების გარდა, ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მისი წიგნი: „დემოკრატიზმი“ (პარიზი, 1938). ახალი ეტაპი მის ჟურნალისტურ ცხოვრებაში დადგა 1949 წელს „ივერიის” დაარსების დღიდან. ელისე იყო ამ საქმის სული და გული. ის აგვარებდა ფინანსურსა თუ ტექნიკურ მხარეს, სარედაქციო და საგამომცემლო საქმეებს. სწორედ ამიტომ ამ ჟურნალის გამოცემა (1949-1991 წწ.) მუდამ მის სახელთან იქნება დაკავშირებული.

ელისე პატარიძე გარდაიცვალა 79 წლის ასაკში, პარიზში. დაკრძალულია ლევილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები