#ავიცრათერთმანეთისთვის – სტუდენტურ კამპანიას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კოლეჯ „სპექტრის“ გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიას შეუერთდნენ.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქციის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. აქტივობის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის – #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.
„ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარშემომყოფთათვის, რათა დავიცვათ ყველა, ვისთანაც გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი. ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და მომავალ თაობას შევუქმნათ წინაპირობა, რომ კიდევ უფრო არ გაუარესდეს ის ეპიდვითარება, რომელიც ახლა არის ქვეყანაში“,- აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, მეგი გოგოლაძე.
თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.
ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.
აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.
„კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“, – აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.
სტუდენტური აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები უერთდებიან. ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში სტუდენტური აქციები უკვე ჩატარდა თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავსა და ახალციხეში. #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიას ბათუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. სტუდენტური კამპანია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტივობით დასრულდება.