ვინ იყო დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი დაიბადა 1881 წლის 20 იანვარს მარტვილში, არისტოკრატულ ოჯახში. იგი მამით წარჩინებული აზნაურის, ხოლო დედით თავადის ასულის შვილი გახლდათ. 1902 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. 1903 წელს გაწევრიანდა რსდმპ-ში. 1903–1904 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. სტუდენტობის პერიოდშივე მიიპყრო უნივერსიტეტისა და მოსკოვის ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღება თავისი ნიჭიერებით, მჭერმეტყველებითა და სიდარბაისლით. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ იგი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე იყო.
დიპლომის მიღების შემდეგ ევგენი გეგეჭკორი საქართველოში დაბრუნდა და ვექილად დაიწყო მუშაობა სენაკის მაზრაში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მოკლე ხანში გეგეჭკორმა ერთ–ერთი საუკეთესო ადვოკატის სახელი დაიმკვიდრა. ოღონდ, მას არ აკმაყოფილებდა რუსული სასამართლო წარმოება, ქართული ენისა და სამართლებრივი ტრადიციების იგნორირება კი მის შინაგან პროტესტს იწვევდა.
რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907–1912 წლებში იგი აირჩიეს III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. კარლო ჩხეიძესთან ერთად, ის სოციალ–დემოკრატიული ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი გახდა, იცავდა პოლონეთისა და ფინეთის უფლებებს. სისტემატურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან.
1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ გაჩნდა ამიერკავკასიის ხალხების განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი. ამ პერიოდში ევგენი გეგეჭკორმა წამყვანი როლი ითამაშა კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისრად. მალე თბილისში გაიწვიეს, სადაც არჩეულ იქნა ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარედ, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კი – „ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ.“
ვიქტორ ნოზაძე წერს:
ამიერკავკასიის კომისარიატი, ევგენი გეგეჭკორის თავმჯდომარეობით, როგორც ამიერკავკასიის ადგილობრივი მმართველობა, მოღვაწეობას შეუდგა. შემოღებულ იქნა ერობა ანუ ადგილობრივი, პროვინციული თვითმმართველობა, რომლის გულისათვის ათეულ წელთა მანძილზე ოკეანე მელანი დაიხარჯა; გამოიცა განკარგულება მიწის ჩამორთმევის შესახებ; გაუქმდა ბატონყმობის დროის იურიდიული ნაშთები; მოისპო თავადაზნაურული წოდების უფლება და სხვა.
1918 წლის 22 იანვარს წარმოიშვა „ამიერკავკასიის სეიმი“, რომელმაც ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარედ, კვლავ, ევგენი გეგეჭკორი აირჩია. მასვე მიანდეს სამხედრო მინისტრის მოვალეობის შესრულება. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტიდან გამოქცეული, გაბოლშევიკებული და გალოთებული რუსი ჯარისკაცების უმტკივნეულო ევაკუაცია შიდა რუსეთში. ამასთან ერთად, იგი თავისი გამჭრიახობით ტაქტიანად აგვარებდა ამიერკავკასიაში შინაური მშვიდობიანობის დამყარებასა და შესაფერისი რეფორმების ცხოვრებაში გატარებას, მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან.
1918 წლის 2 ივნისს გეგეჭკორი დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. სოციალ-დემოკრატებში გეგეჭკორი წარმოადგენდა ცენტრისტულ მიმართულებას და, ამ მხრივ, სხვებზე ახლოს იდგა ნოე ჟორდანიასთან. საქართველოს მთავრობაში იგი ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები და ავტორიტეტული ფიგურა იყო. ნოე ჟორდანიას ავადმყოფობის დროს ხშირად ასრულებდა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას.
1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ევგენი გეგეჭკორმა დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შეთავსებით, იუსტიციის მინისტრის პოსტი. გეგეჭკორმა, მთავრობასთან შეთანხმებით, საგარეო დიპლომატიური კორპუსი პარიტეტულად დააკომპლექტა და მასში, გარდა სოციალ-დემოკრატებისა, შეიყვანა სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატები, სოციალისტ-რევოლუციონერები და ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილიც. დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, 1918-1921 წლებში საქართველოს ყავდა „ეროვნული თანხმობის“ დიპლომატიური კორპუსი. თუმცა, კომუნიკაციის საშუალებათა უქონლობის გამო, 1919 წელს და 1920 წლის პირველ ნახევრში, საგარეო მინისტრი თითქმის მოწყვეტილი იყო ევროპულ პოლიტიკას და ის ძირითადად თბილისში მყოფ ევროპელ დიპლომატებთან ურთიერთობდა.
ახალი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ამოცანა იყო, მოეწესრიგებინა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობანი გარე სამყაროსთან. მან, პირველ რიგში, დიდი შრომა გასწია ჩვენს მეზობლებთან ყველა სადაო საკითხის მოსაგვარებლად და კავკასიის ერთა შორის მეგობრობის განსამტკიცებლად. ევგენი გეგეჭკორი იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ხვდებოდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა, სომეხ-აზერბაიჯანელთა შეტაკებების შესახებ მყისიერად აყენებდა საქმის კურსში დასავლურ მისიებს და მათ ჩარევას მოითხოვდა. 1919 წლის ადრე შემოდგომაზე ზანგეზურში შეტაკებების შეჩერებისათვის და შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების დადებაში შეტანილი წვლილისათვის მან სომხეთში ანტანტის უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებლის – პოლკოვნიკ რეასა და ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის – ოლივერ უორდროპის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოღვაწეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო საქართველოს იურიდიული ცნობა ანტანტის თუ სხვა სახელმწიფოების მიერ. ამ მიზნით, 1918 წლის ბოლოდან მოყოლებული, ევგენი გეგეჭკორი, ჯერ დენიკინთან მოლაპარაკებებს, შემდეგ, 1920 წლის იანვრიდან საბჭოთა რუსეთის საგარეო მინისტრ გიორგი ჩიჩერინთან მიმოწერას უდგა სათავეში. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დასადებად გაწეულ მოსამზადებელ მუშაობაში და მიესალმა კიდეც ამ ისტორიული დოკუმენტის გაფორმებას. 1920 წლის სექტემბრიდან იგი გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში. იმყოფებოდა იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. შეხვედრები გამართა ჩამოთვლილ ქვეყანათა უმაღლეს ხელისუფლებთან, გააცნო მათ საქართველოს მაშინდელი მდგომარეობა და მოითხოვა ყველასგან საქართველოს იურიდიული ცნობა.
1921 წლის 27 იანვარს, როცა ევგენი გეგეჭკორი ჯერ კიდევ პარიზში იმყოფებოდა, მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდ ბრიანისგან, მოკავშირეთა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია და იაპონია) უმაღლესი საბჭოს დავალებით მიიღო წერილი–ნოტა, რომლითაც ატყობინებდნენ საქართველოს დე–იურედ ცნობას. „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო“ – ამბობდა ევგენი გეგეჭკორი.
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო. დასახლდა პარიზში და განაგრძო ბრძოლა თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ბევრს მოგზაურობდა. იყო „პრომეთეისტული“ მოძრაობის ერთ–ერთი ორგანიზატორი. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. მისი პირველი წერილები 1925–1926 წლებში გამოქვეყნდა პარიზში, ქართველ სოციალ–დემოკრატთა ორგანო „ბრძოლაში”. იბეჭდებოდა, ასევე, ჟურნალებში: „დამოუკიდებელი საქართველო“, „ჩვენი დროშა“ და „მებრძოლი საქართველო“.
1924 წელს ჟენავაში შეიქმნა საქართველოს დამხმარე ინტერნაციონალური კომიტეტი (პრეზიდენტი ჟან მარტენი), რომელმაც ტრადიციად გაიხადა თითქმის ყოველ გაზაფხულზე ერთ–ერთი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის მიწვევა ერთა ლიგის სადგომ ქალაქში, 1927 წლის მაისისთვის ჟენევაში მიწვეული იყო ევგენი გეგეჭკორი. კომიტეტის მიერ შედგენილი პროგრამით მას უნდა წაეკითხა სახალხო ლექცია ჟენევის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სათაურით „საქართველოს მომავალი“. ჟენევაში მაშინ იმყოფებოდა საბჭოების დელეგაცია ეკონომიკურ კონფერენციაზე. პოლიცია შიშობდა, რომ ევგენი გეგეჭკორის საჯარო გამოსვლა გადაიქცეოდა მრისხანე სახალხო პოლიტიკურ მანიფესტაციად რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ და დიპლომატიური გართულების შიშით, უნივერსიტეტში დანიშნული საჯარო ლექცია გაუქმდა. თუმცა, თვით მოხსენება ცალკე ბროშურად იქნა გამოცემული ფრანგულ ენაზე ჟენევაში, 1927 წელს, ჟან მარტენის წინასიტყვაობით.
ევგენი გეგეჭკორი გარდაიცვალა 1954 წლის 5 ივნისს, პარიზში. განისვენებს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
დაკრძალვის მთელი პროცესიის დროს ევგენი გეგეჭკორს საქართველოდან ჩატანილი ეროვნული დროშა ჰფარავდა. მისმა შვილიშვილმა, რუსუდანმა საფლავში ჩააყოლა ერთი პეშვი სამშობლოს მიწა და თურმე კვნესით მიაყოლა: „აჰა, ამისთვის იბრძოდი და წაიღე თანო“…