როგორ დაიწყო მადამ ტიუსოს მუზეუმის ისტორია
მადამ ტიუსოს მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი ცვილის მუზეუმია მსოფლიოში. მუზეუმი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში მდებარეობს.
მუზეუმში დღესდღეობით ათას ექსპონატზე მეტია განთავსებული. ექსპონატების უმრავლესობა პოლიტიკოსების, მეცნიერების, მსახიობების, რეჟისორებისა და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის ცვილის ფიგურას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმს აქვს ფილიალები: ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლოს -ანჯელესში, ლას-ვეგასში, ამსტერდამში, კოპენჰაგენში, ჰონკონგში, ბერლინში, შანხაისა და ვენაში.
მარია ტიუსო 1761 წელს ქალაქ სტრასბურგში დაიბადა. დედამისი ფილიპ კიორტისთან მუშაობდა დიასახლისად, რომელიც ცვილის მოდელების შექმნით იყო დაკავებული.
1765 წელს ფილიპ კიორტისმა შექმნა თავისი შედევრს, მარი ჟანა დიუბარის ფიგურა (ლუდოვიკ XV-ის საყვარელი ). მოგვიანებით, კიორტისმა ეს ხელობა თავისი დიასახლისის შვილისაც შეასწავლა. პატარა ტიუსო კარგი შეგირდი გამოდგა.
1777 წელს მარია ტიუსომ შექმნა თავისი პირველი ცვილის ფიგურა, ვოლტერი, რომელსაც მალევე მოჰყვა ჟან ჟაკ რუსოს და ბენჟამინ ფრანკლინის ფიგურები. 1794 წელს ფილიპ კიორტისი გარდაიცვალა. მისი კოლექცია მემკვიდრეობით მარია ტიუსოს გადაეცა.
1802 წელს მარია ტიუსო საცხოვრებლად ლონდონში გადადის. ინგლის – საფრანგეთის ომის გამო, ქალბატონი ტიუსო იძულებულია ექსპონატებთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში იმოგზაუროს. 1835 წელს ტიუსომ პირველი მუდმივი გამოფენა ლონდონში, ბეიკერის ქუჩაზე გახსნა.
მისი მუზეუმის ერთ-ერთი საინტერესო კოლექცია „საშინელებათა კაბინეტი“ იყო. აქ შესაძლებელი იყო საფრანგეთის რევოლუციის მსხვერპლნი, მკვლელები და ცნობილი დამნაშავეები გენახათ. მადამ ტიუსოს გარდაცვალების შემდეგ მუზეუმის კოლექცია კიდევ გაიზარდა.
დღეს ცვილის ახალ ფიგურებს მოქანდაკეების 20-კაციანი გუნდი ქმნის. ერთი ექსპონატის დამზადებას, დაახლოებით, 4 თვე სჭირდება. ფიგურებისთვის გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი თმა. ბუნებრივი კანის მსგავსი ფერის მიისაღებად, საღებავის რამდენიმე ფენაა საჭირო. მოკლედ, სამუშაო საკმაოდ შრომატევადი და რთულია, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, საკმაოდ შემოსავლიანიც. მარტო ლონდონის ცვილის მუზეუმს წლის განმავლობაში უამრავი ტურისტი სტუმრობს.