„შეშის“, „ერევანსკის“, „ზაკფედერაციის“, „ლენინის“ და ა.შ. – რამდენი სახელი გამოიცვალა „თავისუფლების მოედანმა“

თბილისის მთავარმა მოედანმა არსებობის მანძილზე არაერთი სახელი გამოიცვალა. 1801 წლამდე დღევანდელი მოედნის მიდამო ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და გარეთუბანი ეწოდებოდა. ადგილობრივები იქაურობას შეშის მოედანსაც ეძახდნენ. ტფილისის მახლობელი სოფლებიდან ურმებით მოზიდულ შეშას ამ ადგილას ჰყიდდნენ და სახელწოდებაც აქედან გამომდინარე შეერქვა. მოგვიანებით, რუსულმა ადმინისტრაციამ მოედნის კუთხეში კავკასიის არმიის შტაბი ააშენა (დღევანდელ „ქორთიარდ მერიოტსა” და  „გალერეა თბილისს” შორის). ამის გამო, შეშის მოედანი შტაბის მოედნად მონათლეს.

moedani-tavisuflebis

ოფიციალურად  სახელი მოედანს 1829 წელს მიანიჭეს. 1829 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომში ერევნის ციხე–ქალაქთან რუსეთის ჯარის გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა. შესაბამისად, ტფილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად „პასკევიჩ–ერევანსკი“, შემოკლებით – „ერევანსკი“ დაარქვეს. 1851 წელს მოედანზე  თეატრი და ქარვასლა აშენდა, ამიტომ მოედანს ერთხანს „თეატრალურს“ უწოდებდნენ. 1917 წელს, ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების შემდეგ თბილისის მთავარ მოედანს „თავისუფლების მოედანი“ უწოდეს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მოედანს ჯერ „ზაკფედერაციისა” ერქვა (ამიერკავკასიის სფსრ–ს შექმნის გამო, 1922-1940), 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. 1953 წელს, ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება სასწრაფოდ შეუცვალეს და ვლადიმერ ლენინის სახელი ანუ „ლენინის მოედანი“ დაარქვეს. 1990 წლიდან კი მოედანმა „თავისუფლების“ სახელი დაიბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები