როგორ დააღწია ლონდონმა თავი საცობებს 2000-იან წლებში ქალაქის მერის, კენ ლივინგსტონის წყალობით

გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოუწესრიგებელი პარკინგი და გაუვალი საცობი, ფაქტობრივად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური სიჩქარე 15-20 კილომეტრ/საათს არ აღემატებოდა – ასეთი იყო ლონდონის სატრანსპორტო სისტემა 2000 წლამდე. სწორედ ამ წელს, ლონდონელებმა მერად ლეიბორისტი კენ ლივინგსტონი აირჩიეს.  პირველი, რაც ლივინგსტონმა გააკეთა, იყო ის, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კერძო ავტომობილით გადაადგილება ფასიანი გახდა. ფასიანი გახდა პარკირებაც. სპეციალისტებისა და ოპონენტების დიდმა ნაწილმა ლივინგსტონის ამ წამოწყებას  ,,სიგიჟე,, უწოდა.

კენეტ რობერტ ლივინგსტონი — ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, ლონდონის მერი (2000-2008), ლეიბორისტული პარტიის წევრი. მემარცხენეობის გამო, მეტსახელად „წითელი კენი“ შეარქვეს.

“ის მერი ვერსად ვეღარასდროს გახდება” – ასეთი იყო პროგნოზი, თუმცა, უკვე მეორე დღეს ცხადი გახდა, რომ ლივინგსტონის ნოვაციამ შედეგი გამოიღო. ლონდონის ცენტრალური ქუჩები ავტომობილებისაგან განიტვირთა და მოძრაობა ბევრად მოსახერხებელი გახდა. 2002 წლისთვის გადასახადი საათში 5 ფუნტამდე გაიზარდა. ქალაქის ცენტრში ავტომობილების რაოდენობა 15-20 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, 25-30 პროცენტით გაიზარდა გადაადგილების სიჩქარე. მოხდა ისე, რომ  თითქმის გაორმაგდა იმ ხალხის რაოდენობა, რომლებმაც გაზრდილ გადასახადებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამჯობინეს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელმაც წარმატებით ჩაანაცვლა კერძო ავტომობილები, ავტობუსები იყო. ოფიციალური სტატისტიკით,  2011 წელს  ლონდონის  ავტობუსებმა 2,3 მილიარდი მგზავრი გადაიყვანეს. 2016 წლისათვის ამ რიცხვმა 4 მილიარდს გადააჭარბა.

ლივინგსტონის მითითებით, ქალაქის ავტობუსების პარკი სრულიად განხლდა, გახდა უფრო კომფორტული და მრავალრიცხოვანი. თანამედროვე ლონდონის სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე, მეტრო, ტრამვაი და საბაგიროები. მერის მითითებით, ყველა ამ სატრანსპორტო საშუალების მომსახურება მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვნად გაიაფდა და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახდა. დაწესდა მთელი რიგი პრეფერენციები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენისთვის. ლონდონელების მაგალითი მისაბაძი აღმოჩნდა თითქმის მთელი ევროპისათვის.

პარიზი, რომი, მადრიდი, ამსტერდამი – ყველა მათგანის ცენტრალური უბნები კერძო ტრანსპორტისათვის ან დახურულია ან იქ შესვლა საკმაოდ სოლიდურ გადასახადებს უკავშირდება. მაგალითად, ბერლინის ცენტრში ავტომობილის 15 წუთით პარკირება  0,25-0,50 ევრო ღირს. ქალაქის საქმიან ნაწილში  ავტომობილის ერთი საათით გაჩერება 3 ევრო ჯდება. არის ისეთი ადგილებიც, სადაც 1-საათიანი პარკირება  4 ევრო ღირს. ვენაში 1-საათიანი პარკირება 2 ევრო  ჯდება, თუმცა, ერთსა და იმავე ადგილზე გაჩერება 2 საათზე მეტხანს დაუშვებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები