ერაყის მოქალაქემ ოქროს ნაკეთობების შემოტანა უკანონოდ სცადა
ერაყის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე დეკლარირების გარეშე ოქროს ნაკეთობების შემოტანას შეეცადა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო- გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორიაზე დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მხრიდან შემოსული ერაყის მოქალაქე დააჯარიმეს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, მის ბარგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 1 ცალი ბეჭედი, 1 წყვილი საყურე, 2 ცალი კულონი, 2 ცალი სამაჯური, 2 ცალი ყელსაბამი და 1 ცალი გულსაბნევი აღმოაჩინეს. ნივთების საერთო წონამ 75,64 გრ, საერთო ღირებულებამ კი 4180,6 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა – 4180,6 ლარი შეეფარდა.