რისთვის უნდათ რუსებს „აფხაზეთის მოქალაქეობა“ და ოკუპირებულ რეგიონში  უძრავი ქონების შესყიდვა –  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ანექსიის საფრთხეების შესახებ

დღეს რუსეთის ამოცანაა,  აფხაზეთში დემოგრაფიული  ვითარება  რუსების სასარგებლოდ შეცვალოს,  – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ,  ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარიამ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც შეიძლება, რუსებისთვის „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მინიჭებასა და მათთვის ოკუპირებულ რეგიონში არსებული  უძრავი ქონების მიყიდვას მოჰყვეს.

„რაში მდგომარეობს საფრთხე: დღეს რუსეთის ამოცანაა, აფხაზეთში დემოგრაფიული  ვითარება  რუსების სასარგებლოდ შეცვალოს,  სწორედ ამიტომ ითხოვს  ორმაგ მოქალაქეობას, აფხაზებს ეუბნება, თქვენ რომ რუსეთის მოქალაქეები ხართ, რუსულ პენსიას იღებთ, რუსს რატომ არ შეუძლია,  აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღოსო? აფხაზებს ამასთან დასაპირისპირებლად  გონივრული არგუმენტი არ აქვთ.   რუსეთი მათ  ეუბნება, არ გინდათ? მაშინ თქვენთვის იყავით, დაფინანსებას არ მოგცემთ  და შიმშილით დაიხოცებითო. ერთ მშვენიერ დღეს, თუნდაც 5-10 წლის შემდეგ  იქ არჩევნები რომ ჩატარდება, დემოგრაფიული ვითარება  ისეთი შეცვლილი იქნება, რომ   რუსი გაიმარჯვებს, დე ფაქტო პრეზიდენტი  რუსი გახდება, დე ფაქტო პარლამენტი  უპირატესად რუსული იქნება.  ისინი აფხაზეთის რუსეთთან შეერთების  შესახებ გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებენ. ესაა დიდი საფრთხე,  რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის საკითხი  მოიცავს“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, იმ გეგმის შესრულება, რომელსაც „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალური და ეკონომიკური ჰარმონიზაციის პროგრამა“ ჰქვია, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას ნიშნავს.  როგორც გამახარიამ განაცხადა,   ე.წ. ჰარმონიზაციის გეგმის განხორცილებას  რუსეთი აფხაზეთზე ეკონომიკური ზეწოლითა  და პოლიტიკური კრიზისების პროვოცირებით ცდილობს.

„აფხაზეთში პოლიტიკურ ვითარებას უკვე კარგა ხანია,  ე.წ. კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამა განსაზღვრავს.  აფხაზეთში მთელი პოლიტიკური ცხოვრება  ამ პრობლემის გარშემო ტრიალებს.   აფხაზეთის ბედი თავიდან ბოლომდე,  როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და  ყველა თვალსაზრისით ამ პროგრამაზეა დამოკიდებული. ამ  ე.წ. ჰარმონიზაციის გეგმის განხორცილებას, რომელიც , ფაქტობრივად, აფხაზეთის ანექსიას ნიშნავს, რუსეთი აფხაზეთზე ეკონომიკური ზეწოლითა  და პოლიტიკური კრიზისების პროვოცირებით ცდილობს.  როგორც ეკონომიკური პრობლემები, ასევე პოლიტიკური კრიზისი  მართვადია,  თანაც – ისე მარტივად, რომ მთელი ბერკეტები მოსკოვშია და როცა  სჭირდებათ, ამ ბერკეტებს აამუშავებენ. ესა თუ ის კრიზისი, დაპირისპირება და ა.შ ნებისმიერ დროს შეუძლიათ,  გამოიწვიონ. დე ფაქტო პრეზიდენტი,  წინამორბედებისგან განსხვავებით, მოსკოვში საშუალოდ თვეში ერთელ მაინც ჩადის.  ამ წლის განმავლობაში უკვე ათჯერ იყო, ოქტომბერში – 2-ჯერ.  განსხვავებით წინა ვიზიტებისგან, როდესაც ბჟანიამ  ბოლო ვიზიტის შედეგები 8 ნოემბერს  შეაჯამა, თქვა,  რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ხომ ხედავთ, დამოუკიდებლობა არ დაგვიკარგავს, ახლა მორიგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ესაა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაო.

ეს იყო „ახალი“, რაც ბატონმა ბჟანაიამ განაცხადა, როცა ვიზიტის შედეგებს აჯამებდა.   ბჟანიამ იქვე დასძინა,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები გახდებიან და მერე არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ჩვენ უბრალოდ ამ ადამიანებს უძრავ ქონებას  მივყიდით, ისინი დიდი ფულს ჩამოიტანენ, აქ რაღაცებს აღადგენენ, დაგვასაქმებენო.  ეს ისეთი სიცრუეა,   რასაც აფხაზეთში პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს.

საქმე ისაა, რომ აგვისტოში ბატონმა ბჟანიამ რუსეთში ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით  საკუთარი გეგმა წარადგინა,  რაც   იმ ჰარმონიზაციის პროგრამითაა გათვალისწინებული. თუ ეს გეგმა განხორციელდა, მაშინ რუსი აფხაზეთის მოქალაქეობას იღებს და მერე არავის შეეკითხება,  რას იყიდის, მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ არა.  ბჟანიამ ეს ვითომ დაუმალა საზოგადოებას, მაგრამ  საზოგადოებამ ამის შესახებ ძალიან კარგად იცის.

ამ მთავარი დავალების შესრულებაზე, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას და რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას ეხება,   მოსახლოების შიშით დე ფაქტო ხელესუფლება, ჯერჯერობით, არ მიდის. სიტყვიერად კი განაცხადა, მაგრამ მოსკოვს ამ სიტყვების არ სჯერა, ის    საქმეს, დე ფაქტო კანონებში  შესაბამის ცვლილებებს მოითხოვს. სანამ ეს არ მოხდება,  მანამდე აფხაზეთში არსებული ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, არავითარი გაზიფიკაცია არ განხორციელდება. ახლა სასმელი წყლის პრობლემაც კი დაემატათ, რადგან  წყლის ინფრასტრუქტურა მოშლილია.

აფხაზური მხარე კუთხეშია მიმწყვდეული. სანამ ამ ჰარმონიზაციის პროგრამით გათვალისწინებულ  ვალდებულებებს არ შეასრულებენ, რუსეთიდან სერიოზული დაფინანსება არ ექნებათ.

ეს ეკონომიკური პრობლემები  პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს. გავიმეორებ, რომ  ეს პროცესები მართვადია.

17 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება –  „აფხაზეთის სახალხო პატრიოტული კავშირი“ შეიქმნა,  რომელმაც მიზნად  აფხაზეთის სახალხო კრების მოწვევა დაისახა, სადაც ბჟანიას გადაყენება უნდა მოითხოვონ. ესაა ბჟანიაზე ზეწოლის ერთერთი მექანიზმი. ფაქტობრივად, ერთი თვე რჩება, წლის ბოლომდე უნდა მიიღონ  ორმაგი მოქალაქეობისა და რუსებისთვის უძრავი ქონების მინიჭების საკითხები, ენერგეტიკული სექტორი რუსეთის ხელში უნდა გადავიდეს.   სანამ ეს არ განხორციელდება, აფხაზეთი დაფინანსებას ვერ მიიღებს“, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, აფხაზეთში ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე ღიად დაწყებული საუბრის შესახებ ინფორმაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმაც (DRI)“ გაავრცელა.

„ეს უკანასკნელი გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე  – უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესსა და რუსეთის მოქალაქეებზე. უძრავი ქონების დიდი ნაწილი აფხაზეთში უპატრონოდაა მიტოვებული. 250 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის პირადი ქონება მიწის და შენობა-ნაგებობების სახით რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის შეიძლება, საინტერესო იყოს. თუმცა, გაცილებით მეტი ფასი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწას და საბჭოთა პერიოდის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ექნება. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება, პრივატიზაციის პირველი ტალღა დავინახოთ, რითაც, პირველ ყოვლისა, რუსული ბიზნესი და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ეკონომიკური აქტორები იხეირებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიას“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ამ პერსპექტივას აფხაზეთში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან.

„ამჟამინდელი დე ფაქტო მთავრობის ოპოზიციაში მყოფი ძალები ღიად საუბრობენ, რომ ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია აფხაზეთიდან დევნილ ეთნიკურ ქართველებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, აფხაზეთში საკუთრების შეძენის შესაძლებლობას მისცემთ. ამ ნახევრად ოფიციალური არგუმენტის გარდა, აფხაზეთში შიშობენ, რომ რუსების დიდი მასის მიერ აფხაზეთში საკუთრების შეძენა, უკიდურეს უმცირესობაში მოაქცევს ადგილობრივ ეთნიკურ აფხაზებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, აფხაზეთის მოქმედმა დე ფაქტო მთავრობამ ინდივიდუალური წესით ქონების გასხვისება დაიწყოს. უფრო სავარაუდოა, მან მსხვილი საკუთრება გადასცეს რუსულ ბიზნესს თუ სახელმწიფოს.

საქართველოსთვის ამ პროცესის გაკონტროლება მოცემულ ვითარებაში უკიდურესად რთულია. თუმცა, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ გამოიყენებს საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტებს რუსეთის ფედერაციასთან დავებისა და იმ ეკონომიკური აქტორების სანქცირებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების შეძენას გაბედავენ“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები