დედოფლის სეფექალი, კოკო შანელის მოდელი და გალაკტიონის მუზა – ვინ იყო მერი შერვაშიძე
გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“ მერი (მარიამ) შერვაშიძე 1888 წელს ბათუმში დაიბადა. ქუთაისში გატარებული ბავშვობის შემდეგ, XX საუკუნის ათიან წლებში ოჯახი პეტერბურგში გადავიდა, რადგან მერის მამა, პროკოფი შერვაშიძე რუსეთის სახლემწიფო სათათბიროს წევრად აირჩიეს.
პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე (1840-1915) გახლდათ ბათუმის სათათბიროს წევრი, რუსეთის I და III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სოხუმის ოკრუგიდან და ბათუმის ოლქიდან. 1900 წელს იგი სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით გადადგა.
1887 წელს 47 წლის პროკოფი შერვაშიძემ ცოლად შეირთო 23 წლის ნინო გრიგოლის ასული მხეიძე (1864-1950). წყვილს ხუთი შვილი შეეძინა: მერი, ლევანი, ელენე, ანა და თამარი.
გამორჩეული სილამაზისა და არისტოკრატიული მანერების წყალობით, მერი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა გახდა. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა იმ პერიოდის მოდურ ჟურნალებში. ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ის იყო მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობის, ღია თაფლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმით. ვინც მას იცნობდა, აფასებდა თავმდაბლობის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.
პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი, ძირითადად, ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წლის 20 სექტემბერს მერი ცოლად გაჰყვა გიგუშა (გიორგი) ქსნის ერისთავს. ჯვარი ქუთაისში დაიწერეს. მათი ერთ-ერთი მეჯვარე იყო სენაკის მაზრის თავადაზნაურობის ყოფილი წინამძღოლი ნიკოლოზ (კოკი) დადიანი (1878-1939), რომლის დედა – თამარი (1841-1925) გახლდათ აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შერვაშიძის ასული.
ერეკლე II-ის შთამომავალმა, გიორგი ნიკოლოზის ძე ერისთავმა თბილისის კადეტთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და სამსახური დაიწყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკში, ხოლო შემდგომში ამ პოლკის მეთაური გახდა. გიგუშა და მერი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ საიმპერატორო კარიდან, სადაც მერი სეფექალი, ხოლო გიგუშა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ფლიგელ-ადიუტანტი იყო. 1917 წელს ის სამშობლოში დაბრუნდა პოლკოვნიკის ჩინით და ქართულ არმიაში ჩაირიცხა, სადაც გენერლობა მიანიჭეს და ცხენოსანი საარმიო კორპუსის მეთაურად დანიშნეს.
1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მერი შერვაშიძე ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა, სწორედ იმ დროს სტამბოლში მსოფლიოს სილამაზის კონკურსი ტარდებოდა. მერიმ მონაწილეობა მიიღო კონკურსში და გაიმარჯვა კიდეც.
პარიზში მერის ოჯახი მე-16 უბან Rue de La Tour-ში დასახლდა, ბულონის ტყესთან ახლოს. თავდაპირველად ცოტა გაუჭირდათ. მერისთან ერთად ცხოვრობდნენ მისი დედა, ნინო მხეიძე და ტყუპი დები – ელენე და თამარი. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნაც. სწორედ მაშინ შეამჩნიეს მერი მოდის სამყაროში. იგი კოკო შანელის მოდელი გახდა.
პარიზელები განსაკუთრებით აფასებდნენ მერი შერვაშიძის ჩაცმის დახვეწილ სტილს და სილამაზის გადმოცემის მისეულ მანერას.
გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა ისე, რომ შვილი არ ჰყოლია. მერი მეორედ აღარ გათხოვილა, სრულიად მარტო ცხოვრობდა პარიზში, ლატურის ქუჩაზე. სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, უფრო პანსიონს მოგაგონებდათ. დროდადრო საკუთარ ბინაში, ლატურის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად მიდიოდა ბანქოს სათამაშოდ. როგორც ამბობენ, მერის სახლში მისი სიცოცხლის ბოლომდე ეწყო თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.
მერი შერვაშიძე 1986 წლის 21 იანვარს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, დასაფლავებულია მეუღლესთან, გიგუშა ერისთავთან ერთად სენტ–ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე. მისი ნათესავისა და მეგობრის, ბაბო დადიანის თხოვნით, კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ პანაშვიდი საქართველოში, სიონის ტაძარში გადაუხადა.
რაც შეეხება მერისა და გალაკტიონის კავშირს, ერთ-ერთი ვერსიით, 1935 წელს გალაკტიონ ტაბიძემ შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზად გამოიყურებოდა. მოხიბლულმა გალაკტიონმა სწორედ მას შემდეგ მიუძღვნა მერის ცნობილი ლექსი.
თავად გალაკტიონი მერის შესახებ წერდა:
„მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი „მერი“, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“