ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ წერილობითი ჩვენებები წარადგინა, მათ შორის იყო საქმის ერთ-ერთი მთავარი და უკვე გარდაცვლილი მოწმის – შალვა თათუხაშვილის ჩვენება.
პროცესმა ერთ-ერთი ბრალდებულის, ბაჩო ახალაიას გარეშე ჩაიარა. ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ახალაიას პროტესტის მიზეზი პროკურორის განცხადება გახდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმის მთავარი მოწმე თეიმურაზ ტაბაღუა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდება, რადგან ის საზღვარგარეთაა. ბაჩო ახალაიას განცხადებით, პროკურატურის ქმედებები ყველანაირ ზღვარს სცილდება. მისი თქმით, ტაბაღუა არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზე მას აღნიშნულ საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისივე თქმით, ტაბაღუა პროკურატურამ საზღვარგარეთ გააპარა.