სიყვარული დროის მიღმა – შეხვედრა 75 წლის შემდეგ

ყველა ოცნებობს, იპოვოს თავისი მეორე ნახევარი, სულით მონათესავე, ნამდვილი პარტნიორი, რომელთანაც ცხოვრების გზას გაიადვილებს. კარ ტროი რობინსს ძალიან გაუმართლა – მას იდეალური გოგონა შეუყვარდა ახალგაზრდობაში და მანაც სიყვარულით უპასუხა. მათ შეეძლოთ ერთად დიდხანს და ბედნიერად ეცხოვრათ, მაგრამ ბედს, როგორც ვიცით, თავისი „გეგმები“ აქვს. მათ ერთად ყოფნა „არ ეწერათ“ და მომდევნო შეხვედრას 75 წელი ელოდნენ. მათი გრძნობები კი ამ დროის მანძილზე არ შეცვლილა…

1944 წელი, მეორე მსოფლიო ომი… 24 წლის ამერიკელი ჯარისკაცი და 18 წლის ფრანგი გოგონა… ზედგამოჭრილი დროა სიყვარულისთვის. ისინი ერთმანეთს ქალაქ ბრიენში შეხვდნენ. ზუსტად იქ გაგზავნეს რობინსის დანაყოფი. სხვაგან რომ წასულიყო, ის ჟანინ განეის ვერასდროს შეხვდებოდა.

შეყვარებულები სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ და ხანდახან არც ესმოდათ ერთმანეთის, მაგრამ ოდესმე ვინმეს შეეძლო ნამდვილი სიყვარულის ენით აღწერა? ემოციები, შეხება და სურნელი ეხმარებოდნენ მათ, სიყვარულის შესახებ გაცილებით მეტი მოეყოლათ ერთმანეთისთვის. მთელი სამხედრო შვებულება მათ ერთად გაატარეს და უკვე სამომავლო გეგმებიც დასახეს. ორი თვეც არ გასულა და რობინსი აღმოსავლეთ ფრონტზე გაიწვიეს. თავის შეყვარებულს მხოლოდ ერთი ფოტო და დაპირება დაუტოვა: „მე აუცილებლად დავბრუნდები და თან წაგიყვან“.

ჟანინი მას ელოდა, სწავლობდა ფრაზებს უცხოურ ენაზე – ამერიკაში ცხოვრების პერსპექტივა ინგლისურის ცოდნის გარეშე მას არ ხიბლავდა. რობინსი კი აღარ დაბრუნებულა. ომის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა და სხვა გოგონას შეხვდა, რომელთანაც ერთად, მის გარდაცვალებამდე, 70 წელი იცხოვრა. დიახ, ჟანინის ცხოვრებაც სხვანაირად აეწყო, ის გათხოვდა, შეიცვალა გვარი და ხუთი შვილის დედა გახდა, შემდეგ კი, დაქვრივდა. ​

რობინსს ფერადი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მოსვენებას არასდროს აძლევდა მოგონებები იმ ფრანგ გოგონაზე, რომლის ფოტოსაც 75 წლის განმავლობაში ინახავდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ჟანინი გარდაიცვალა, ამიტომ არანაირ ზომებს არ იღებდა მის მოსაძებნად. 97 წლის ომის ვეტერანმა ეს ამბავი ერთ-ერთ ჟურნალისტს მოუყვა, რომელმაც იპოვა ჟანინი და მათი შეხვედრა მოაწყო.

მათ მაშინვე იცნეს ერთმანეთი და 75 წლის წინ შენახული ფოტოები გაცვალეს. როგორც აღმოჩნდა, ჟანინს ინგლისური მაინც არ უსწავლია. მათ დიდხანს ისაუბრეს, დამშვიდობებისას კი, რობინსი დაჰპირდა ჟანინს, რომ კიდევ ნახავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები