ჰოლივუდის მსახიობი, რომელმაც Wi-Fi-ის ტექნოლოგიას ჩაუყარა საფუძველი
ტექნოლოგიოურ ბაზარს თავისი უცნობი გმირები ჰყავს. მათ სრულიად შეცვალეს ის სფერო, რომელშიც მოღვაწეობდნენ. დღეს ჰედი ლამარის – ამერიკელი მსახიობის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც გადაღებებს შორის შესვენებებზე გამოიგონა ის, რისი წყალობითაც Wi-Fi, GPS და Bluetooth ტექნოლოგიები მუშაობს. ამას განფენილობის სპექტრის კომუნიკაციების ტექნიკა ჰქვია.
1914 წლის 9 ნოემბერს ვენაში დაიბადა გოგონა სახელად ჰედვიგ ევა მარია კისლერი. ის მდიდარ ებრაულ ოჯახში გაჩნდა. მისი მამა – ემილ კისლერი, ბანკის მმართველი იყო, ხოლო დედა – გერტრუდა ლიხტვიცი, პიანისტი. თავის წარმომავლობას ჰედი ლამარი მთელი ცხოვრება უარყოფდა, მათ შორის საკუთარი შვილების წინაშეც. გოგონას ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა ჰქონდა – დადიოდა თეატრალურ წრეზე, საბალეტო კლასში და ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა. გარდა ხელოვნებისა, ჰედი მათემატიკით იყო გატაცებული.
კინოინდუსტრიაში პირველი ნაბიჯები ჰედი ლამარმა კომპანია Sascha-Film_ში გადადგა სცენარისტის დამხმარის რანგში. მისი სამსახიობო დებიუტი 1922 წელს შედგა. ჰედიმ შეასრულა როლი ფილმში – „ფული ქუჩაში“. დებიუტის შემდეგ მან ბევრი შეთავაზება მიიღო. ახალგაზრდა ქალი გადაიღეს ფილმ „ექსტაზში“, რომელიც ეკრანებზე 1933 წელს გამოვიდა. ამ ფილმმა ბევრი ხმაური გამოიწვია 10-წუთიანი სცენის გამო, რომელშიც ჰედი სრულიად შიშველი იყო წარმოჩენილი. მსახიობის მშობლები სულაც არ იყვნენ აღფრთოვანებულები ასეთი როლით. მათი შუამდგომლობით, ჰედი გათხოვდა კიდეც ფრიდრიხ მანდლზე – ავსტრიელ მილიონერზე, რომელსაც იარაღის ქარხანა ჰქონდა.
4-წლიანი ქორწინების დროს ლამარი არცერთ ფილმში გადაუღიათ. ჰედი და მისი მეუღლე სულ სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, ისინი ვერ თანხმდებოდნენ ვერც ცხოვრებისეულ ღირებულებებზე, ვერც პოლიტიკურ შეხედულებებზე. თავად ჰედი საკუთარ მოგონებებში ამბობდა, რომ მეუღლე მას, როგორც ძვირფას შენაძენს, ისე უყურებდა. ის ტრაბახობდა ლამაზი ცოლით, თითქოს, ახალი ავტომობილი ან ჯიშიანი ცხენი ყოფილიყო. ინტერვიუებში ჰედი ლამარი ამბობდა, რომ მამაკაცს არ შეუძლია დააფასოს ქალის გონება, მათ მხოლოდ საყვარელი სახე სჭირდებათ. მასვე ეკუთვნის სიტყვები: „ნებისმიერ ქალს შეუძლია იყოს დამატყვევებელი. საჭიროა მხოლოდ წესიერი მოქცევა და სულელის გამომეტყველება“.
ცხადია, ჰედი ლამარისა და ფრიდრიხ მანდლის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა – მანდლი ძალიან ეჭვიანი იყო და ხშირად შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. საბოლოოდ, 1937 წელს ლამარი უბრალოდ გამოექცა მას, ავიდა გემზე და ნიუ-იორკში გაემგზავრა. მან მალევე გააფორმა კონტრაქტი ლუის მაიერთან, სტუდია MGM-ის დამაარსებელთან. ასე დაიწყო მსახიობის აღმავლობა ჰოლივუდის კიბეზე.
ჰედის დიდად არ მოსწონდა ჰოლივუდური საღამოები და დროსტარება – ის ხშირად რჩებოდა სახლში და რაიმე გამოგონებაზე მუშაობდა. მაგალითად, ტაბლეტზე, რომელიც წყალში გაიხსნებოდა და მივიღებდით ლიმონათის მსგავს სასმელს. მაგრამ, ისტორიას ის დაამახსოვრდა როგორც ახალი სისტემის გამომგონებელი, რომელიც ტორპედების დისტანციური მართვის საშუალებას იძლეოდა.
1940 წელს ტურბულენტური და არამდგრადი დრო მიდიოდა – მეორე მსოფლიო იყო. ჰედი ლამარი თვლიდა, რომ დისტანციური მართვის ტორპედებს საგრძნობი ნაკლი ჰქონდათ, თუკი მტერი მას აღმოაჩენდა, უბრალოდ, შეეძლო დაეხშო მისი სიგნალი და გაეუვნებელყო. მან დაიწყო მუშაობა ტორპედზე, რომლის სიგნაალის ჩახშობაც შეუძლებელი იქნებოდა.
გამოგონების გამოცდის შემდეგ, ჰედი ლამარმა თავის დამხმარესთან ერთად დააპატენტა ის და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცა ამერიკის ფლოტს. ფლოტის ინჟინრებმა ის სიდიდის გამო უარყვეს, მაგრამ აიღეს გარკვეული იდეები და გამოიყენეს სხვადასხვა გამოგონებების რეალიზებისთვის.
1959 წელს ლამარის პატენტის ვადა ამოიწურა და საკუთარი გამოგონებისთვის მან ვერაფერი მიიღო. ამასთან ერთად, 1962 წელს, როდესაც კუბის სარაკეტო კრიზისი დაიწყო, ამერიკული გემები კუბის ირგვლივ ტორპედებით იყვნენ შეიარაღებულები, რომლებიც ლამარის მიერ გამოგონილი სისტემით იყვნენ აღჭურვილი. ბევრი წლის შემდეგ ლამარისა და მისი დამხმარის გამოგონება კავშირგაბმულობის საფუძვლად იქცა ფართო სპექტრში, რისი დახმარებითაც, დღეს ჩვენ Wi-Fi-ის, Bluetooth-ის და GPS-ის გამოყენება შეგვიძლია.