სოხუმი თბილისს ე.წ.საზღვრის დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობამ საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი უნდა დაასრულონ, მაგრამ – რუსეთის ფედერაციასთან, რაც ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში მოხდება”.

შესაბამისი პროცესის დაწყებისკენ საქართველოს რუსეთმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს მოუწოდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, „ძნელია, “ადეკვატური” ვუწოდოთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოთქმულ პოზიციას ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე. შეიძლება, უსასრულოდ წარმოვიდგინოთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს “ერთიანი საქართველო”, მაგრამ შეუძლებელია, სერიოზულად ჩავთვალოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება შეცვლის რეგიონში არსებულ მდგომარეობას”.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ახსენებს საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ “აფხაზურმა მხარემ უკვე მიმართა ქართულ მხარეს მოწოდებით, დაიწყოს არსებითი მუშაობა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და მისი შემდგომი დემარკაციის პროცესზე. კერძოდ, საქართველოს შესთავაზეს შესაბამისი კომისიის შექმნა და მისი მონაწილეების შემადგენლობის განსაზღვრა. აფხაზეთის რესპუბლიკაში კომისიის შექმნის პროცესი მიმდინარეობს”.

”ჩვენ ველოდებით ადეკვატურ პასუხს ქართული მხარისგან ჩვენს წინადადებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე არ დააყოვნებს მსგავსი კომისიის შექმნას. ამის შემდეგ მხარეებს შეეძლებათ, ერთად დაიწყონ მუშაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ.საგარეო უწყება მოუწოდებს “საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი განხორციელდება ცალმხრივად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები