Georgia Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი გადაცემაში – “იმედი LIVE“ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესზე არსებული ზეწოლისა და გამოძალვის ფაქტებზე საუბრობს.
გაიაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლება ცდილობდა, ყველა ბიზნესი საკუთარი ინტერესებისათვის გამოეყენებინა.
“10 მილიონი ლარის ზარალი მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს არის წართმეული, გამოძალული ფული. პირველი, რაც ხელისუფლებაში მოსვლისას გააკეთეს, იყო ის, რომ ყველა დიდ ბიზნესსტრუქტურაში ჩასვეს ოდეერები. ეს ოდეერები ხელისუფლების სურვილებს აჟღერებდნენ. გააკეთებდი – კარგი იქნებოდა, არ გააკეთებდი და შესაბამისი სტრუქტურები ერთვებოდნენ საქმეში, მაგალითად, ციხეში ჩაგსვამდნენ.
ერთ მაგალითს მოგიყვებით. 2008 წლის ომის დროს ჩვენი თვითმფრინავი გაფრინდა თელ ავივში, იქ მოიტანეს ტვირთი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლების დაკვეთით. ტვირთის მოცულება ისეთი დიდი იყო, სააბარგულში არ ჩაეტია. ეკიპაჟს დაურეკეს და უთხრეს: ეგ ტვირთი აუცილებლად უნდა წამოიღო. ეკიპაჟმა გადაწყვიტა, რომ იქნებ ტვირთი დავშალოთ და ნაწილ-ნაწილ შევაწყოთ საბარგულში. კატეგორიული უარი მიიღეს და ტვირთიც დარჩა იქ. ამის შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან ოფისში და ჩემი 70 თანამშრომელი წაიყვანეს სუს-ში. ღამის 2 საათამდე იქ ჰყავდათ, ჩემი მოადგილე კი, არაფრის გამო, 2 კვირით ციხეში ჩასვეს, რატომ არ წამოიღეთ ტვირთიო. გაასამართლეს და მისცეს პირობითი პატიმრობა”, – იხსენებს თამაზ გაიაშვილი.