ლაშა დარსალია: ჟენევის დისკუსიებზე პოზიციები განსხვავებულია, თუმცა, გვაქვს იმედი, რომ შესაძლებელია, მცირე ნაბიჯები გადავდგათ ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების გასაუმჯობესებლად

ჟენევის დისკუსიებზე მხარეთა პოზიციები ძალიან განსხვავებულია, რაც განსაკუთრებით რთულს ხდის მოლაპარაკებათა პროცესს და, სამწუხაროდ, უკვე 54-ე რაუნდია ძალიან პატარა ნაბიჯებით მივდივართ წინ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განაცხადა.

„54-ე რაუნდის წინ გვაქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესი რთული იქნება. რეალობა, რომელიც გვაქვს, არის ის, რომ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების დაკავშირება ხდება იმ კუთხით, რომ ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ინსტრუმენტად“, – თქვა დარსალიამ.

მისი თქმით, ქართული მხარის ერთ-ერთი მთავრი ამოცანაა, რომ ჰუმანიტარული საკითხების ზედმეტად პოლიტიზება არ მოხდეს.

„ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების პოზიცია, მიდგომები და წინადადებები, რომელიც შეიძლება, მათ ჰქონდეთ. სწორედ ამან უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების განცალკევება მოხდეს.

პოზიციები, როგორც ვთქვი, საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა, მაინც მიგვაჩნია და გვაქვს იმედი, რომ არსებობს შესაძლებლობა, თუნდაც მცირე ნაბიჯები გადავდგათ ადმიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების გაუმჯობესების კუთხით. ჰუმანიტარულ საკითხებში მთავრი თემა არის დაკავებები, სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა გრძელდება, ჩვენი რამდენიმე მოქალაქე კვლავ დაკავებულია.

მნიშვნელოვანია ასევე უკანონო ბორდერიზაციის თემა, ადგილზე არსებული მძიმე ვითარება, მათ შორის, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა, იქნება ეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა თუ თავისუფალი გადაადგილების თემა და სხვა. ჩვენ გვინდა დეტალურად და კონკრეტულად ვისაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, რა არის პრობლემა, არამედ იმაზე თუ როგორ გადაიჭრას ეს პრობლემები. ეს იქნება მთავრი თემა და გვაქვს სურვილი და მოლოდინიც, რომ როგორც ჩვენი, ისე პარტნიორების მხრიდან მიდგომა საკითხების სწორად გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა დარსალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები