ლილოს დასახლებაში ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა

ლილოს დასახლებაში არსებული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, უკვე დასრულებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ბიბლიოთეკა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

„სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დავასრულეთ.  ბიბლიოთეკა განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. ეს იყო უკვე მოძველებული სივრცე, ამიტომ, მასში სრულად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები, მოეწყო გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემა, ხოლო ძველი კაბინეტური ტიპის ოთახების ხარჯზე მოეწყო თანამედროვე, ღია სამკითხველო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებით, სააბონენტო განყოფილება, მცირე სადისკუსიო დარბაზი, სადაც ასევე განთავსებულია საბავშვო ლიტერატურის კუთხე და საბავშვო მულტიმედიური სივრცე. ფილიალში ასევე მოეწყო მცირე ზომის კაფე მკითხველებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის გეგმის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბიბლიოთეკა განახლდა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში კი კიდევ 8 ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

„ზოგადად, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავასრულეთ ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბიბლიოთეკის  განახლება-რეაბილიტაცია. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით სულ 38 ბიბლიოთეკა გვაქვს. დაგეგმილი გვაქვს მათი სრული რეაბილიტაცია და განახლება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ 8 ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, სადაც ასევე, განთავსებული იქნება მედიათეკები, ბიბლიოთეკები, ფიტნესზონა, სპორტული დარბაზები, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები. შესაბამისად,  იქ მისულ ადამიანებს ექნებათ მრავალმხრივი შესაძლებლობა დასვენების, ვარჯიშის და კითხვის.  ასევე, ჩვენ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაწყებული გვაქვს იქ არსებული მედიათეკის განახლება და მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები