თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ბოლო დღეებში შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობის რაოდენობა, წინა დღეებთან შედარებით, 5-6-ჯერ გაიზარდა. როგორც ინსპექციაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აღნიშნეს, მიმართვიანობის გაზრდა ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ, მათ ცხელ ხაზზე დღეში რამდენიმე ათეული ზარი შედის საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
მოსახლეობა ინსპექციას მიმართავს თხოვნით, შეამოწმონ, რამდენად უსაფრთხოდ მიმდინარეობს მათ კორპუსში სარემონტო თუ სარეკონსტრუციო სამუშაოები. ძირითადად, ეს ეხება შენობის პირველ სართულებს. მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ისინი ყველა ზარზე დროულ რეაგირებას ახდენენ და გამოძახების ადგილზე ამოწმებენ, მიმდინარე სამუშაოებზე არსებობს თუ არა შესაბამისი ნებართვა.
ინსპექციის განმარტებით, თუ არსებობს ვარაუდი, რომ უნებართვო სამუშაოების ფარგლებში მოხდა მზიდ კონსტრუქციასთან შეხება, ინსპექცია ფართის მესაკუთრეს საექსპერტო დასკვნის მომზადებას სთხოვს. თუ დადასტურდა მზიდი კედლის ცვლილება, მეპატრონეს პირვანდელი სახით აღდგენა ევალება. კანონის თანახმად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დროს, თუ სამუშაოები ეხება მზიდ კონსტრუქციას, აუცილებელია არქიტექტურის სამსახურის ნებართვა და შესაბამისი დასკვნები.
მუნიციპალურ ინსპექციაში მოსახლეობას მოუწოდებენ, საცხოვრებელ კორპუსში საეჭვო სამუშაოების შემთხვევაში, დარეკონ ნომერზე – 2 72 22 22.
წყარო: 1tv.ge