თბილისის მერია სკანდინავიელი ინვესტორებისთვის წარსადგენი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს

თბილისი 20-21 ოქტომბერს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს” (Angel Investors) უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის, FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) და სხვა ორგანიზაციების 15-მდე წარმომადგენელი და ინვესტორი ეწვევა.

ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციაა.

ღონისძიება ორდღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და ნეთვორქინგს. ღონისძიებაზე ასევე, განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ ინვესტორებისთვის თავიანთი საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, რომელიც 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.

თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ევროპის ქვეყნებთან საქმიანი და ბიზნესკავშირების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისთვის.

პროექტი თბილისის მერიისა და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით ხორციელდება.

დამატებითი ფინანსების მოძიების მიზნით, ინვესტორებისთვის საკუთარი პროექტის წარსადგენად, რეგისტრაციის გავლა 13 ოქტომბრის ჩათვლით, შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: http://shorturl.at/iCG36.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები