„სახეზე გეტყობათ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე“ – 150 წლის წინ გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დაიბადა
ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა 1871 წლის 7 ოქტომბერს ტფილისის გუბერნიის, თელავის მაზრის სოფელ სიღნაღში. 1891 წელს სანქტ-პეტერბურგში დაამთავრა კონსტანტინეს მე-2 საარტილერიო სასწავლებელი, 1905 წელს კი გენერალური შტაბის აკადემია (1-ი თანრიგით).
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, სამხედრო სასწავლებელში სწავლის პარალელურად, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1889 წლიდან არმიაშიც მსახურობდა – ჯერ ყარსის (თურქეთი) საციხოვნო არტილერიაში, მოგვიანებით კი, ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) საციხოვნო არტილერიაში და კავკასიის საალყო საარტილერიო პოლკში; 1906-1907 წლებში მივლინებული იყო ლაიბ-გვარდიის მე-13 ერევნის პოლკში; 1907-1908 წლებში – უსურიის ცხენოსანი ბრიგადის სამმართველოს უფროს ადიუტანტად; 1908-1909 წლებში – დავალებათა ობერ-ოფიცრად ომსკის სამხედრო ოლქის შტაბში; 1909-1912 წლებში – უფროს ადიუტანტად 36-ე ქვეითი დივიზიის შტაბში; 1912-1914 წლებში კი გაგზავნილ იქნა ალექსეევსკის სამხედრო სასწავლებელში ტაქტიკის კურსის მასწავლებლად.
1913 წლის 6 დეკემბერს ალექსანდრე ანდრონიკაშვილს მიენიჭა პოლკოვნიკის, ხოლო 1917 წლის 21 ნოემბერს – გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
პირველ მსოფლიო ომის დროს (1914-1918) ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, თავდაპირველად, მსახურობდა მე-20 არმიის შტაბში; 1914-1916 წლებში ის დროებით ასრულებდა 75-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას, 1916-1917 წლებში იყო 298-ე მსტისლავის (ბელორუსია) ქვეითი პოლკის მეთაური, 177-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი; რუსეთის იმპერიის ჯარში სამსახურის დროს მიღებული ჰქონდა: საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა გიორგის ოქროს იარაღი (1916 წლის 16 აგვისტო), წმინდა სტანისლავის მეორე (1914) და მესამე ხარისხის (1898), წმინდა ანას მესამე ხარისხისა (1907) და წმინდა ვლადიმერის მესამე ხარისხის (მახვილებით, 1916) ორდენები.
1917 წლის 10 ივნისს დროებითმა მთავრობამ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დანიშნა მე-20 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად.
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, გენერალი ანდრონიკაშვილი ქართულ არმიაში მსახურობდა. 1918-1919 წლებში ხელმძღვანელობდა გენერალურ შტაბს. 1919 – 1921 წლებში, პერიოდულად, სამხედრო სკოლას მეთაურობდა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, სათავეში ედგა თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს, კოჯორ-ტაბახმელის მონაკვეთს, სადაც 19-24 თებერვლის ბრძოლებში წარმატებით მოიგერია მოწინააღმდეგის შეტევები, ხოლო, თბილისიდან უკანდახევის დროს მეთაურობდა არიერგარდს.
გენერალი ანდრონიკაშვილი ასეთი სიტყვებით გაუძღვა ფრონტზე მიმავალ სამხედრო სკოლის კურსანტებს: „ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს, ვაშა!“
საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი საქართველოში დარჩა და 1921-1923 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში – იყო ქართული სამეთაურო კურსების უფროსი, საქართველოს წითელი არმიის სარდალი და სამხედრო სკოლის შტატიანი მასწავლებელი. 1923 წელს გადაიყვანეს რეზერვში, თუმცა, იმავდროულად, იგი საიდუმლოდ ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
1922 წელს შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. ეს ორგანიზაცია ცნობილია ასევე პარიტეტული კომიტეტის და „დამკომის“ სახელით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: სოციალ-დემოკრატიული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სოციალისტ-ფედერალისტური, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები და ესერები. სწორედ „დამკომთან“ ჩამოყალიბდა „სამხედრო ცენტრი“, რომლის თავმჯდომარე იყო გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ზოგი ისტორიკოსის მიერ ცენტრის ხელმძღვანელად მითითებულია გენ. კოტე აფხაზი). „სამხედრო ცენტრის“ მიზანი იყო ანტიბოლშევიკური საყოველთაო აჯანყების მოწყობა მთელ საქართველოში. ცენტრი შედგებოდა 15 პირისაგან: გენერალი კოტე აფხაზი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა), სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.
1923 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. 1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და მასთან ერთად სამხედრო ცენტრის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი “ვაკის პარკის” ტერიტორიაზე.
გადმოცემის თანახმად, გენერალ ანდრონიკაშვილს დახვრეტამდე შემდეგი სიტყვები უთქვამს: „სახეზე გეტყობათ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე, – იქნებ ქართველი ყველა ამისთანა (მიუთითებს კვანტალიანზე, ერთ-ერთ ჯალათზე) გეგონათ? მრავალნი ათასნი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიძულვილს“.