ენ ჰოჯესი – ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მეტეორი დაეცა

მეტეორები დედამიწას ხშირად აწუხებენ. როგორც წესი, ისინი პატარა ობიექტები არიან, რომლებიც ატმოსფეროში იწვებიან და ზიანს არავის აყენებენ – ძალიან იშვიათია, რომ მათი ნათებაც შევამჩიოთ შორს, ცაში. ხანდახან უფრო მსხვილი მეტეორები ატმოსფეროში აფეთქების შემდეგ დედამიწაზე ნამსხვრევებად ცვივიან. იშვიათ შემთხვევაში, დიდი ნამსხვრევებიც გვხვდება, მაგალითად – ტუნგუსკის მეტეორი, რომელმაც ყველაფერი ცოცხალი გაანადგურა მრავალი კილომეტრის რადიუსში. ცხადია, ეს მეტეორები ხშირად აზიანებენ ბუნებას გამოწვეული ხანძრებითა თუ დარტყმის ტალღებით, მაგრამ ჩვენს ისტორიაში არსებობს ერთი შემთხვევა, როდესაც მეტეორი პირდაპირ ადამიანს მოხვდა. ეს „ბედნიერი“ ადამიანი ენ ჰოჯესია.

1954 წლის 20 თებერვალს ალაბამას შტატის წყნარ, პროვინციულ ქალაქ სილაკოგაში ენ ჰოჯესს შუადღისას ჩათვლიმა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა: ხელის მტევნისოდენა შავმა ქვამ სახლის სახურავი ჩატეხა, მოხვდა კედელს, რომელმაც ის აისხლიტა და ენს მუცლის ქვედა არეში გაეხახუნა. შედეგად, ქალს სხეულზე დიდი ჭრილობაც დარჩა.

მოგვიანებით, სილაკოგას მოსახლეობა ამბობდა, რომ ცაში მნათობი სხეული დაინახეს, რომელსაც გარშემო კვამლი ეკვროდა. შემდეგ ტკაცუნის ხმა გაიგეს. ადგილზე მისულმა გეოლოგებმა დაადგინეს, რომ სახლს უდაოდ მცირე ზომის მეტეორი მოხვდა.

დაშავებული ენ ჰოჯესი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სათანადო დახმარება გაუწიეს. მეტეორის მსხვერპლს გაუმართლა – მას ქვამ უმნიშვნელოდ გაჰკრა გვერდზე, ამიტომ ის მალევე გამოკეთდა. მომხდარის შემდეგ ენი ძალიან ცნობილი გახდა, ვინაიდან ალბათობა იმისა, რომ ლატარიაში ორჯერ ზედიზედ შეიძლება გაიმარჯვო, მეტეორის დაცემის ალბათობაზე ბევრად მეტია. მოგვიანებით, ენმა მეტეორი მუზეუმს გადასცა, სადაც ის დღემდე ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები