კალაძე: თითოეული თქვენგანის გამო, ვისაც კახა კალაძე ეიმედება, მზად ვარ, კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის ყოველდღიური მუშაობა ერთი წუთითაც კი არ შეჩერებულა.

„ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულებასაც მოსახლეობა ელოდებოდა,  დასრულებულია. ამ ოთხი წლის განმავლობაში, მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება, აღმშენებლობა უპრობლემოდ მოხდეს.  თბილისელები ხედავენ, რამხელა შრომა ჩაიდო იმაში, რომ დღეს თუნდაც,  მოწესრიგებული, სუფთა ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. კიდევ რამდენიმე ტენდერი უნდა დასრულდეს, რამდენიმე უნდა გამოცხადდეს და თბილისს გარანტირებულად ექნება მოწესრიგებული, ყველანაირად განვითარებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სანამ ოპოზიცია და მათი სატელიტი მედიასაშუალებები უსაფუძვლო თითის გაშვერით იყვნენ დაკავებული, შევძელით და 1 000-ზე მეტი ქუჩა მოვაწესრიგეთ, მათ შორის ისეთები, სადაც წინა ხელისუფლებას არათუ რამე გაუკეთებია, არც კი შეუვლია. ამავე დროს, არ მავიწყდება, რომ თბილისში რჩება ქუჩები, რომელთა მოწესრიგება ჯერ კიდევ ვერ შევძელით და ამ მიმართულებით, არსებობს გამოწვევები. დიახ, ოთხ წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გავწვდით, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი ერთი წუთითაც არ გაჩერებულა, არ გადაგვიდია მოსახლეობის ინტერესები გვერდით. ბევრი დასახლება მოწესრიგდა და ვგრძნობ ამ ხალხის მადლიერებას, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია ჩემთვის.

შევეჭიდეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების, დაუსრულებელი მშენებლობების და დაუკანონებელი ფართების წლობით მოუგვარებელ პრობლემებს, მძიმე მემკვიდრეობას, რაც წინა ხელისუფლების მმართველობამ დაგვიტოვა  და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შედეგს მიაღწია. დავიწყეთ საქმე, რომელმაც ათასობით ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამის პარალელურად, დავიხსენით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ათეულობით უკანონოდ გასხვისებული მუნიციპალური ტერიტორია, რეკრეაციული სივრცეები, სადაც სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაო უნდა განხორციელებულიყო და დღეს ამ ტერიტორიებზე პარკები და სკვერები ეწყობა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

უამრავი მიგდებული, მოუწესრიგებელი რეკრეაციული სივრცე აღვადგინეთ და დავუბრუნეთ თავისი ფუნქცია. პირველ რიგში, ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას დავუბრუნეთ ისინი. სწორედ ჩვენი შვილებისთვის, ოთხი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ბაგა-ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 4 ოქტომბერს ბავშვების უმრავლესობა წავიდა ისეთ ბაღებში, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება არცერთი ევროპული ქვეყნის ბაღს კეთილმოწყობის, უსაფრთხოების თუ აღჭურვილობის თვალსაზრისით. კიდევ რამდენი რამ გვეთქმის, რაც ნებისმიერი ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს, თუ ის გულწრფელად იღებს ვალდებულებას ქალაქის მართვაზე. ამისთვის არ ვითხოვ მადლობას, ეს ჩემი და ჩემი გუნდის მოვალეობა იყო ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დანგრეულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპექტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს.

სწორედ იმ დაწყებული და გასაგრძელებელი პროექტების გამო, იმ დაგეგმილი და ბოლომდე მისაყვანი საქმეების გამო, რომლითაც ბევრი მოქალაქის გული გავახარეთ; თითოეული თქვენგანის გამო, ვისაც კახა კალაძე, ჩემი გუნდი ეიმედება, მზად ვარ, კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხრიდან იქნება თანადგომა და მხარდაჭერა, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთად ვაკეთებდით იმ პოზიტიურ საქმეებს, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს სჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი ურთიერთობა და დამოკიდებულება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. დღეს ყველაზე მეტად, რაც სჭირდება თბილისს და ჩვენს ქვეყანას, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა და ყველაზე მთავარი – ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. ზუსტად ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამას აუცილებლად გააკეთებს იმ კონკრეტული პროექტების განხორციელებით, რომელზეც მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვსაუბრობდი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები