კალაძე: სამწუხაროდ, პირველივე ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის

თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ არჩევნებში მონაწილეობისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურში ის და მისი გუნდი გაიმარჯვებს. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ თბილისის მოსახლეობა არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესებში ჩართულნი იყვნენ პირველივე დღიდან, მაქსიმალურად გვიჭერდნენ მხარს და ჰქონდათ სურვილი, მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველივე ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ გველოდება მეორე ტური.

2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და არ შევაფერხოთ მნიშნველოვანი პროექტების განხორციელება, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქალაქს. ეს არჩევნები 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის ამჯერადაც თბილისელები განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები