ვატო შაქარიშვილი: თითოეულ საბურთალოელს კვლავ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩემი იმედი
საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვატო შაქარიშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, საბურთალოელებს კვლავ უნდა ჰქონდეთ მისი იმედი.
„მინდა, გულწრფელი მადლობით დავიწყო!
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, ვინც უანგაროდ გვერდში დაუდგა დამოუკიდებელი-უპარტიო ადამიანის გამარჯვების იდეას. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, ვისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდა, უბრალოდ, ამბავი მიგვეწვდინა საბურთალოელებისთვის ჩემი კანდიდატურის, ჩემი იდეების, ხედვების და წარსული საქმიანობის შესახებ. მიღებული ხმები (3479-5%) არ არის კოორდინატორების და პარტიულ-ადმინისტრაციული რესურსით მობილიზებული, ეს თითოეული იმ ადამიანის გააზრებული არჩევანია, რომელიც ხედავდა დამოუკიდებელი-უპარტიო, კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციური მაჟორიტარის საჭიროებას.
სამწუხაროდ, არჩევნების წინა დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კვლავ მკვეთრი პოლარიზაცია გამოიწვია, რის ფონზეც შემცირდა დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატის გამარჯვების შანსი.
მე გავაგრძელებ ბრძოლას! მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თითოეულ საბურთალოელს კვლავ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩემი იმედი, მე ვიქნები ყველგან, სადაც ეს მოსახლეობას დასჭირდება და წაადგება. საბურთალოს პრობლემები ისევ იქნება ჩემი საზრუნავი.
ეს არჩევნები ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო, ასევე შესაძლებლობა, გავაანალიზო დაშვებული შეცდომები და მომავალში კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა. ეს კი ჩემთვის საშუალებაა, რომ ვემსახურო ხალხს და არა კარიერულ მიზანს!“, – წერს შაქარიშვილი.