კახა კალაძე ზონების ცვლილებაზე: გენერალური გეგმა ცოცხალი დოკუმენტია და ცხადია, გარკვეული ცვლილებები მასში ყოველთვის შედის

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების ახალი გენერალური გეგმის მიღების შედეგად გამოწვეული ზონალური ცვლილებების საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ გენერალური გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელშიც ცვლილებები ყოველთვის შედის. მისი განმარტებით, შესაბამისი კომისია ინდივიდუალურად განიხილავს ზონალურ ცვლილებებს იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა მფლობელებს ძველი გენგეგმით საკუთარი სახლების მშენებლობა შეეძლოთ, ახლით კი – შეეზღუდათ.

„გენერალური გეგმა ცოცხალი დოკუმენტია და ცხადია, გარკვეული ცვლილებები მასში ყოველთვის შედის. ჩვენ გვქონდა ერთი სერიოზული პრობლემა – დაგვრჩა ადამიანები, რომელთა ნაკვეთებსაც დაედო ისეთი ზონები, სადაც მათ არავითარი პროექტის განხორციელების საშუალება არ ჰქონდათ. შესაბამისად, დაიწყო ამაზე მუშაობა, შეიქმნა შესაბამისი კომისია და ინდივიდუალურად ხდება ამ ოჯახების დაქვემდებარებაში არსებული მიწების გადახედვა იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მოვუხერხოთ ან ადგილმონაცვლეობა ამ მიწების, ან დავუბრუნოთ ის ზონები, რომლებითაც ისინი შეძლებენ საკუთარი სახლების მშენებლობას. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს მადლობა გადავუხადო,“ – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა მიწის ლეგალიზების კომისიის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ჭიანურდება კონკრეტულ შემთხვევებზე გადაყწვეტილების მიღება. მისი თქმით, ამის მიზეზი გაყალბებული დოკუმენტებია.

„რაც შეეხება ლეგალიზების კომისიას, ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რადგან მიწების ძალიან დიდი ნაწილის შემთხვევაში, ადამიანებს მოაქვთ გაყალბებული საბუთები. ჩვენ ვერ მივიღებთ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ლეგალიზების გადაწყვეტილებას. ძირითადი ნაწილი ასეთია,“ – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები