მერად არჩევის შემთხვევაში კახა კალაძისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ძველი თბილისის იერსახისა და ისტორიის შენარჩუნება იქნება

„ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ურბანული პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

როგორც დედაქალაქის მოქმედი მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, მისი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ძველი თბილისის იერსახისა და ისტორიის შენარჩუნება იქნება.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის განვითარების ფონდის მიერ, ძველ თბილისში მასშტაბური სამუშაოები იქნა განხორციელებული, ამის მაგალითია ორბელიანის მოედანი, დარეჯანის სასახლე, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რაც ახლაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება, ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია და ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გორგასლის ბულვარის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, ქალაქი მიიღებს, დაახლოებით, 10 ჰექტარი ფართობის გამწვანებულ სივრცეს. დამატებით გორგასლის ბულვარიდან მეტეხის ფერდის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. დღეს არსებული საავტომობილო მოძრაობა შესაბამისად მოწყობილ გვირაბებში გადაინაცვლებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი ქალაქში ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ განხორციელებულა. მისი ბიუჯეტი 150 000 000 ლარს შეადგენს,” – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, დაგეგმილია ნარიყალას ციხის, ბარათაშვილის გალავნის, სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩების, ასევე, გუდიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია.

„რამდენიმე წლის წინ ნარიყალას ციხის გალავანი რეაბილიტირდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი რთულ მდგომარეობაშია. საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია და სამუშაოებიც დაიწყება. რაც შეეხება ბარათაშვილის გალავნის რეაბილიტაციას,  როგორც ვიცით, ბარათაშვილის გალავანზე ძველი თბილისური სახლებია წარმოდგენილი და  გალავანთან ერთად მათი სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ანალოგიურად, სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ისტორიული ძეგლების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. რაც შეეხება გუდიაშვილის ქუჩას, ეს გამორჩეული ადგილია ჩვენს ქალაქში. მისი რეაბილიტაციით მასშტაბური გახდება ის ტურისტული მარშრუტი, რომელიც აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმართულებით შეუერთდება გუდიაშვილის ქუჩას”, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები