დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ტერიტორია კერძო საკუთრება იყო და ორი წელი დასჭირდა მუნიციპალიტეტს, რომ ის დაებრუნებინა.
„დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა პარკის გაშენებას, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ იყო ადგილის გამო, რადგან, ძირითადად, გასხვისებული იყო ტერიტორიები. ამჯერად, საქმე ეხება დიდი დიღმის მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიას, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდნენ. ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება და ჩვენ უკვე ორი წელია, ვმუშაობთ გამგეობასთან და საკრებულოსთან ერთად, რომ ეს ტერიტორია დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს.
დღეს შემიძლია, გითხრათ, რომ ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომ, ჩვენი დაპირებისამებრ, აქ მოეწყოს რეკრეაციული ზონა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა გაგრძელდება.
„ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება არის ის, რომ მეტი სუფთა ჰაერი უნდა იყოს დედაქალაქში. ამის ერთ-ერთი წინაპირობაა მეტი რეკრეაციული სივრცე, არსებულის რეაბილიტაცია და სადაც შესაძლებელია, საქალაქო პარკების და სკვერების გაშენება, რაც საზოგადოების დაკვეთაა და რაც ასე ჭირდება ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.