თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკულ მხარესთან თავდაცვის ძალების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი ახალი ეტაპი საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის გაგრძელებასა და მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრიო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკულ მხარესთან დისტანციურ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
ქართულ მხარეს თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ. ამერიკული მხრიდან კი შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის, ეროვნული გვარდიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში ჩართულია მაღალი კლასის სტრატეგი და აკადემიური ექსპერტი ჯეიმს ლოკერი, რომელსაც აქვს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოებში მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილება.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიულ მხარესთან საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა. ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მინისტრი მიესალმა აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას და გუნდთან ერთად მზადყოფნა გამოხატა ერთობლივი გეგმების განსაზღვრულ ვადებში იმპლემენტაციის თვალსაზრისით, – აღნიშნულია ინფორმაციაში.