ალ კაპონეს უფასო წვნიანის სასადილო და დიდი დეპრესია
ალ კაპონე პირველი იყო, ვინც დიდი დეპრესიის დროს გადაწყვიტა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც იმ დროს ძალიან სერიოზული ფინანსური სიდუხჭირე აწუხებდათ, ე.წ „წვნიანი სამზარეულოთი“ დახმარებოდა. ადამიანების წვნიანით გამოკვება გაცილებით ეკონომიური იყო და უბრალოდ, წყლის ჩამატებითაც შეიძლებოდა უფრო მეტ მშიერ ადამიანს დახმარებოდი.
ალ კაპონემ სამზარეულოსთვის რამდენიმე ადამიანი დაიქირავა, რომელიც ათასობით სხვა ადამიანის გამოკვებაზე ზრუნავდა. ზოგიერთ შემთხვევაში, ალ კაპონეს „წვნიანი სამზარეულო“ ბევრი ამერიკელისთვის ერთადერთ შანსს წარმოადგენდა, მიეღო საკვები. შესაბამისად, მისმა სამზარეულომ აშშ-ში დიდი დეპრესიის დროს პოპულარობა მოიპოვა.
ეს ერთ-ერთი უცანური „ღირსშესანიშნაობა“ გახლდათ, რაც ჩიკაგოელებს ოდესმე ენახათ. მოშიმშილე, ტანსაცმელშემოხეული ადამიანების არმია დღეში სამჯერ იკრიბებოდა South State Street 935-თან და ალ კაპონეს ხოტბას ასხამდა.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ცნობილი მაფიოზი ამას აკეთებდა, საკუთარი იმიჯის გაწმენდის მცელობა იყო.
ალფონს გაბრიელ კაპონე (დ. 17 იანვარი, 1899 — გ. 25 იანვარი, 1947) — ამერიკელი განგსტერი, რომელიც 1920-1930-იან წლებში ჩიკაგოს ტერიტორიას აკონტროლებდა. ავეჯის ბიზნესის საფარით, დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და პროსტიტუციით. დროთა განმავლობაში აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.
ალ კაპონე დაიბადა ნიუ-იორკში, იტალიელ ემიგრანტთა ოჯახში. კაპონე ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო კრიმინალური ბანდის საქმიანობაში, მას შემდეგ, რაც 14 წლის ასაკში სკოლიდან გარიცხეს. 1920-იანი წლების დასაწყისში ის გადავიდა ჩიკაგოში, რათა გამოეყენებინა ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობები, მშრალი კანონის დროს არალეგალური ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობის გზით. ამასთანავე ჩართული იყო სხვა სახის კრიმინალურ საქმიანობაშიც, მოხელეთა მოქრთამვასა და პროსტიტუციის ორგანიზებაში.
უკანონო საქმიანობის გარდა, კაპონე იყო საჯარო ფიგურაც. ის ეხმარებოდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს იმ ფულით, რომელსაც თავისი საქმიანობით შოულობდა, ამიტომაც ზოგჯერ მას მოიხსენიებდნენ „თანამედროვეობის რობინ ჰუდად“. კაპონეს რეპუტაცია მას შემდეგ შეილახა, რაც მონაწილეობა მიიღო „წმინდა ვალენტინის დღის ხოცვა-ჟლეტაში“, სადაც მოწინააღმდეგე დაჯგუფების შვიდი განგსტერი სიკვდილით დასაჯეს.
გარდაიცვალა 1947 წლის 25 იანვარს გულის შეტევით.