ბელადის ხელფასი – რა ანაზღაურება ჰქონდათ საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ლიდერებს

კომუნიზმის იდეოლოგები ხშირად ამბობდნენ, რომ ნებისმიერი შრომა ანაზღაურებადი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამასთანავე, იშვიათად მოიძებნებოდა მსოფლიოში ქვეყანა, სადაც მშრომელთა ექსპლუატაცია საბჭოთა კავშირზე მეტად პოპულარული იყო. რა ანაზღაურება ჰქონდათ საბჭოთა ლიდერებს და ჰყოფნიდათ თუ არა მათ ეს ფული ცხოვრებისთვის?

ლენინი

საარქივო დოკუმენტების თანახმად, საბჭოთა კავშირის პირველი ლიდერის, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ხელფასი 500 რუბლს შეადგენდა. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ საბჭოთა მთავრის ხელფასი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის. 1919 წელს რუბლი ძალიან გაუფასურდა და ქარხნის მუშაკის მინიმალური ანაზღაურება პეტროგრადში 600 რუბლს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, ლენინი აქაც მოკრძალებული პიროვნება იყო. უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო მისი ერთადერთი შემოსავალი, ის ჰონორარებს იღებდა წიგნებისთვის, სტატიებისა და პუბლიკაციებისთვის, ასევე, ჰქონდა დანამატი გლეხთა და მომუშავეთა საბჭოს ხელმძღვანლის თანამდებობისა და სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობისთვის. 1919 წელს ლენინმა დეკლარაციაში შემოსავლების შესახებ წელიწადში 27 049 გამომუშავებული რუბლი მიუთითა, ვინაიდან მაშინ ერთი ფუნტი კარტოფილი 95 რუბლი ღირდა, ხოლო 1 ფუნტი ფქვილი 10 ათასი რუბლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ესეც ცოტა იყო.

სტალინი

საკუთარი პოლიტიკური კარიერის აღმავლობის დროს, გასული საუკუნის 20-იან წლებში იოსებ სტალინს, ოფიციალური მონაცემებით, 225 რუბლი ჰქონდა ხელფასი. 1930 წელს ის უკვე 500 რუბლს იღებდა, ქვეყანაში კი მუშის საშუალო ხელფასი 300 რუბლს შეადგენდა. 1936 წელს ბელადმა თავად გაზარდა გენერალური მდივნის ხელფასი 1200 რუბლამდე და ეს ყველაზე დიდი ოფიციალური ხელფასი იყო ქვეყანაში. 1947 წლის ფულის რეფორმამ გადაანგარიშება გამოიწვია და სტალინის ხელფასი 10 ათასი რუბლი გახდა, რა დროსაც მუშის საშუალო ხელფასი სსრკ-ში ათას რუბლს შეადგენდა.

ხრუშჩოვი

როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირის პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო, უყვარდა თქმა, რომ ხელოსნის რანგში ის მატერიალურად გაცილებით უკეთესად იყო უზრუნველყოფილი, ვიდრე პარტიის მუშაკი გახდებოდა. მაგრამ ის დუმდა იმის შესახებ, რომ მისი ხელფასი, როგორც გენერალური მდივნის, 8 ათას რუბლს შეადგენდა. რა თქმა უნდა, ეს არაა სტალინის 10 ათასი რუბლი, მაგრამ არც მუშის ათასი რუბლია. 1961 წლის რეფორმამ კვლავ შეცვალა ქვეყნის პირველი პირის ხელფასი და ხრუშჩოვის ანაზღაურება 800 რუბლი გახდა.

გორბაჩოვი

სსრკ-ის უკანასკნელ გენერალურ მდივანსა და პირველ პრეზიდენტზე ლეგენდები დადიოდა, როგორც ყველაზე დიდ მექრთამეზე. თითქმის  შეუზღუდავი უფლებების მქონე გორბაჩოვი ბევრი საჭირო გადაწყვეტილებისთვის ან, უბრალოდ, საკუთარი კეთილგანწყობისთვის იღებდა მილიონობით დოლარს, ხოლო ხელფასი ძალიან მცირე ჰქონდა – 500 რუბლი, ისევე, როგორც ლენინს თავის დროზე. უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ მისი ხელფასი 3 ათას რუბლამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები