ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ხანძრის კერის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. მათი გადმოცემით, ხანძარი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევთ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ხანძრის კერებზე უკვე განახორციელა 18 დასხმა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები