„ასე მგონია, თითქოს ცხოვრება ლექსით დაიწყო დედამიწაზე“ – შინდისი, „ჩვიდმეტნი“ და იმედი – ფიქრის, პოეზიისა და სიყვარულის სავანიდან

ქართლში, ულამაზეს სოფელ დირბში დაიბადა. პირველი ლექსი მეხუთეკლასელმა დაწერა.
იკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. მისთვის დაუვიწყარია ეს პერიოდი. მესამე კურსზე კონკურსში საუკეთესო ლექსი ბარათაშვილზე გაიმარჯვა.
ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან ოთარ ჩხეიძის ლიტერატურული სკოლა გაიარა.
უამრავი წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, იაკობ გოგებაშვილის მედალი მიიღო… ლექსები კი მუდამ მისი თანამდევი იყო.
2016 წელს  მისი წიგნისიმედით ძლეული უიმედობა წარდგენა გაიმართა, როგორც ამბობს, ეს არის ურთიერთგაგების, შერიგების, სიყვარულის წიგნი ოსებსა და ქართველებს შორის. ეს თხზულება კი მემატიანეს დარჩება, როგორც უახლესი ისტორიის რეალური ფურცლები.
ამჟამად მამაპაპისეულ სახლ-კარს დაუბრუნდა საზღვრისპირა სოფელ დირბში.
გამოსცა წიგნები: „ჩემი თეთრი გიტარა“, „ჩემი ტაოკლარჯეთი“, „ნათლულების ქვეყანადაიმედით ძლეული უიმედობა“.
დასაბეჭდად გამზადებულია ახალი წიგნი:ანბანი საქართველოა“.
გამოსაცემად ამზადებ ლირიკული ლექსების სრულ კრებულს, ასევე -საბავშვო ლექსების გამოცემას. – პედაგოგისა და პოეტის დალი მაზმიშვილის პერსონა.
– დავიბადე ქარელის რაიონში, ქართლის უძველეს სოფელ დირბში, სამაჩაბლოში. ოთხი და-ძმა, ტრადიციულ ოჯახში მშობლებისა და ერთმანეთის სიყვარულში ვიზრდებოდით. დაუვიწყარია დღემდე ჩემთვის სოფლის გარშემო მინდვრებზე ზურმუხტისფერი ყანები, მოსავლით სავსე ვენახები, სადაც ბავშვები შრომას ვეჩვეოდით. მეზობელ-მოყვასის იმდროინდელი მოჭარბებული სიყვარული, დღესაც ალამაზებს ჩემს ცხოვრებას. დირბში, ოდითგანვე ღვთიური მადლი ტრიალებდა. აქ მოწეული მოსავალი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის იყო განკუთვნილი და სახელმწიფო გადასახადებისგან მეფეები ათავისუფლებდნენ სოფელს. ასე ინთებოდა იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა სანთელი ფრონეს ხეობაში, რომელსაც იორდანეს წყლის ნათელი მოჰყვებოდა და რომელიც ჩემს ბავშვობასაც ალამაზებდა.
– სკოლის პერიოდში უკვე წერდით ლექსებს?
– ძალიან მიყვარდა წიგნი, კითხვა, ასოების ლამაზად მოჩუქურთმება. უამრავი ლექსი ვიცოდი ზეპირად. მეხუთეკლასელმა პირველი ლექსი დავწერე. პირველად ჟურნალ „პიონერში“ დამიბეჭდეს ლექსი „გაზაფხული“, რამაც უდიდესი სტიმული მომცა. სკოლაში ჩემს ნიჭს პატივს სცემდნენ. განსაკუთრებით მიყვარდა მშობლიური ლიტერატურა, ისტორია, გერმანული ენა.
ვკითხულობდი და ვწერდი ბევრს. რაზედაც ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერი წაკითხული მქონდა მოსწავლეობის პერიოდშივე – ეს იყო ქართული მწერლობიდან თუ გ ლიტერატურიდან.
გორის პედაგოგიურ ინსტიტუტ სწავლობდით…  სტუდენტობიდან რა დაგამახსოვრდათ?
– სტუდენტობა, როგორც ყველასთვის, ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემს ცხოვრებაშიც. დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტი.  საინტერესო დღე მახსოვს სტუდენტობიდან, მაგრამ გამოვარჩევ რამდენიმეს. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ინსტიტუტში ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი დიდი საიუბილეო საღამო ჩატარდა. კონკურსში „საუკეთესო ლექსი ბარათაშვილზე“ გავიმარჯვე ლექსით – „სიმღერა ხარ ცრემლიანი, ტატო“. ეს იყო ჩემთვის დიდი სიხარული.
სიყვარულითა და პატივისცემით ვიხსენებ საქართველოს ისტორიის ლექტორის, პროფესორ სერგი მაკალათიას ლექციებს და ექსკურსიას მცხეთაში. ახალგაზრდობის გულშემატკივარი და ქვეყნის დიდი ქომაგი, მორწმუნე და დამსახურებული პიროვნება ნამდვილი მაგალითის მომცემი იყო ჩვენთვის.
მინდა გავიხსენო სტუდენტების მეგობარი და შემოქმედი ნათელა ონაშვილი. განსაკუთრებული პატივისცემით მაინც დიდი მწერლის, ოთარ ჩხეიძის შემოქმედებითი საქმიანობა მახსენდება, მის მიერ ჩატარებული შემოქმედ სტუდენტთა შეკრებები, მწერლებთან შეხვედრები, რითმასთან მუდმივი ჭიდილი, ახალი ლექსების განხილვა. ბედნიერი ვარ, რომ ოთარ ჩხეიძის ლიტერატურული სკოლა მაქვს გავლილი. ჩემი ლექსები იბეჭდებოდა ალმანახ „ლიახვში“.
უამრავი წელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდით. ბევრი გექნებათ გასახსენებელი…
– ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნა და სიყვარული უდიდესი სიმდიდრეა შემოქმედი ადამიანისთვის. ასეთ შემთხვევაში, ეროვნულობის თვალსაწიერი უსაზღვროდ იზრდება და შემოქმედებითი უნარები ფაქიზდება. შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი, – ასეთი ბუმბერაზი მწერლების შემდეგ შენ რა სათქმელი გრჩება?! – აი, კითხვა, სულ რომ თავში გიტრიალებს. მაგრამ სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მე ხომ ჩემი ნიჭი, ენერგია, შესაძლებლობები, სიხარული, ღვთიურობა, რაც კი სულიერად მაბადია და მამშვიდებს, მხოლოდ ჩემთვის არ გამომიყენებია. ვთესე და ვამრავლე მდოგვის მარცვალივით, რითაც ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ. ამ ყველაფერმა შემძინა დიდი გამოცდილება ურთიერთობებში, სიყვარულში, თანადგომაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებობისთვის. ის კონტაქტები, რაც ისევ გრძელდება ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის, ჩემსა და ჩემს ყოფილ მოსწავლეებს შორის, ცხოვრების უდიდესი განძეულია. ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ჩემი აღზრდილები, რომლებსაც მე ვეამაყები და რომლებიც მე მეამაყებიან.
სკოლაში მუშაობის წლებს ვუმადლი ექსკურსიებს ჩვენს დაკარგულ სამშობლოში – ტაო-კლარჯეთში, რომლის შემდეგაც მარადიულ ტკივილად დამრჩა ეს მხარე და ლექსების წიგნი დამაწერინა ამ თემაზე. წიგნის სათაურია – „ჩემი ტაო-კლარჯეთი“. ამ ექსკურსიების მოწყობის ინიციატორი კი იყო სკოლის დირექტორი დოდო მელიქიშვილი. ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეები იყო.
უნდა სიამაყით აღვნიშნო, რომ პედაგოგიური მოღვაწეობის დროს მიღებული მაქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი თემისათვის – „შტრიხები პორტრეტისათვის”.

– როგორ წერდით ლექსებს?
– ლექსი ჩემი თანამდევი მეგზური იყო მუდამ. განვმარტოვდებოდი მასთან და შვებას მგვრიდა, მაძლიერებდა, მახარებდა, დარდს მიქარვებდა.
განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა 90-ან წლებში, მაშინ, როდესაც ოჯახს გაძღოლა ესაჭიროვებოდა და სამსახურში თავიც უნდა წარმომეჩინა, ლექსისათვის ძირითადად ღამის საათები მრჩებოდა. ვუთენებდი კიდეც. დაბეჭდვა ძალიან მიხაროდა, მაგრამ გამოჩენას ვეკრძალებოდი. ვფიქრობდი, რომ ვინმე ოდესმე დაინახავდა, თუ საჭირო იყო. ადრეც და ახლაც, ასე მგონია, თუ რაიმე არ დავწერე, ის დღე დაკარგულია. ასეთი დაკარგული დღეები, სამწუხაროდ, ბევრია. ვიბეჭდებოდი „ცისკარში“, „ლიტერატურულ  საქართველოში“ – ვთანამშრომლობ დღესაც. ჟურნალ „დილაში“.
ვმონაწილეობდი რუსთავის ლიტერატურული საზოგადოების ღონისძიებებში, რომელსაც ნიჭიერი პოეტი მურად ჭოლოკავა უძღვებოდა. ვიბეჭდებოდი ალმანახ „ორბეთში“. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. ეს იყო ლექსით ცხოვრება. ამას ეძღვნება ჩემი ერთი ლექსი.

* * *
მალე აპრილი დადგება ალბათ
და დაკოცნიან მიწას იები,
შემოენთება სერს ყოჩივარდა,
გზებს ვარდისფერი აკაციები
დაუსრულებლად იმღერებს ქარი
ფერად ხეებზე, ასეთ დიდ წვაზე,
ასე მგონია, თითქოს ცხოვრება
ლექსით დაიწყო დედამიწაზე.

– სიყვარული?..
– სიყვარული მაძლიერებს, სიყვარულით ვდგავარ ფეხზე, მადლიერი ვარ იმ ადამიანის, რომელსაც სკოლის მერხიდან ვიცნობდი, ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა ბოლომდე გვალამაზებდა. ეს სიყვარული დღესაც დასტრიალებს და ამშვენებს ჩემს ორ შვილს და ხუთ შვილიშვილს. მე ამით კმაყოფილი ვარ. სიყვარული მაძლებინებს აქ, საზღვართან, მარტომყოფს.
ვიცი, აქვე, ჩემი ახლობლების და ჩემი საყვარელი მეუღლის განსასვენებელია. ეს ის ძალაა, ქვეყნად რომ ვერაფერი შეედრება. თვალის გახელა მიხარია, რომ სიყვარულით გავხედო ეზო-კარს, ულამაზეს კავკასიონს, დაკარულ, დაღონებულ ქართლის ველ-მინდვრებს და იმედით ვუყურო ჩემს მომავალ თაობას, რომლებსაც ჩემსავით უყვართ ეს მიწა-წყალი და ისიც ვიცი, არასდროს მიატოვებენ.

სიყვარული მოდის

მოდის სხივთა წნულებიდან,
გულთა სალამურებიდან,
როგორ გაჩნდა, როდის?
იის ნაზი კონებიდან,
მოწყენილი წნორებიდან
სიყვარული მოდის!
მოდის ალვა ტანის რხევით,
თმის სურნელის შემოფრქვევით,
მოდიოდა ოდით,
მსუბუქ ფრთათა მიმოფრენით,
ჯადოსნური ხმების ხემით,
სიყვარული მოდის!
მოდის წვით და ჟრუანტელით,
ზეციერი შუქის ჩქერით,
ყველა უძლებს ლოდინს,
გაუმხელელ-გასამხელით,
მათრობელა აღმაფრენით
სიყვარული მოდის!

– სამაჩაბლოდან ხართ… ნატყვიარი მიწა-წყლის შვილი… თქვენს პოეზიაში ეს დიდი ტკივილი იგრძნობა… თუნდაც ლექსი შინდისზე მებრძოლების გმირობას ეხმიანება…
– ვფიქრობ, დროებითაა დაკარგული ქართლის მადლიანი მიწა-წყალი. გულდასაწყვეტია, როცა ყოველდღე ამ ვითარებას უყურებ. მაგრამ ხალხი მყარად დგას. ჩვეულებრივ ჩართულია შრომასა და შენების ფერხულში. პოეზიაში ეს თემა განსაკუთრებით მეძალება იმიტომ, რომ დაკარგვას ვერ ვითავისებ.
მოურჩენელი ჭრილობაა შინდისის გმირების ტრაგედია. შინდისის მიწას რომ ფეხი დავაბიჯე, მივხვდი, რომ წმინდა მიწაზე დავდიოდი. მივხვდი, რომ წაგებულ ომში ჩადენილი ვაჟკაცობა გამორჩეულთა ხვედრია. დიდმა გულისტკივილმა დამაწერინა ლექსი „ჩვიდმეტნი“. როცა დაბომბვის  დროს ჩემი სახლის მთელი კედლის ნალესი ერთიანად ჩამოიქცა, მიზნად დავისახეთ და მალევე აღვადგინეთ. აუცილებლად დავიბრუნებთ სამაჩაბლოს. უფალმა დაგვიფაროს ასე წელში გაწყვეტილი სამშობლოსგან.
– „იმედით ძლეული უიმედობა“ – ხუთიოდე წლის წინ გამოიცა თქვენი წიგნი,  ისტორიულლიტერატურული თხზულება, რომელშიც საქართველოს უახლესი პერიოდის რეალური ცხოვრება  აღწერეთ...
– რამ დამაწერინა „იმედით ძლეული უიმედობა“. 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც ზედ გულზე გადაგვიარა, დიდი ტკივილი არ მშორდებოდა. ჩემი ლექსების თემატიკა ამ საკითხს აღარ შორდებოდა – უფრო მეტის გაკეთება მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, მომეარა დევნილთა ყველა დასახლება, შევხვედროდი მოსახლეობას და მათგან უშუალოდ მომესმინა ის თავგადასავლები, რაც შეემთხვათ. ასეც მოვიქეცი. ეს გაგრძელდა რამდენიმე თვეს.
გავეცანი დევნილთა მუნიციპალიტეტებს, მოვუსმინე თითოეულ დევნილს და უამრავი მასალა დამიგროვდა. მათთან სტუმრობისას გვერდით მყავდნენ ახლობლები, თანამეგზურები, რომლებიც სიყვარულით მეხმარებოდნენ, ამ რთულ გზაზე გავიცანი დევნილებიც და ორჯერ დევნილებიც. რაც მთავარია, ეს ომგამოვლილი ადამიანები ჩაბმულნი იყვნენ შრომის ფერხულში. დაბრუნების სურვილი კიდევ უფრო გამძაფრებულიყო მათში. შერიგებისა და პატიების გრძნობა შეიცნობოდა. გათავისებული ჰქონდათ ისიც, რომ იქითა მხარეც (ოსები) წაგებული იყო წამქეზებლურ ომში. გონიერება წინა პლანზე იყო წამოწეული ემოციებთან შედარებით. სწორედ ეს აისახა ჩემს წიგნში.
ეს არის ურთიერთგაგების, შერიგების, სიყვარულის წიგნი ოსებსა და ქართველებს შორის. ეს ისტორიულ-ლიტერატურული თხზულება ისტორიას დარჩება, როგორც უახლესი ისტორიის რეალური ფურცლები.
წიგნის ორგანიზებას, გამოცემასა და პრეზენტაციას სული ჩაუდგა თბილისის საკრებულოს (თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი), ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ. წიგნის  წარდგენა გაიმართა თბილისის საკრებულოში, დიმიტრი ყიფიანის დარბაზში.
სტუმრებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ წიგნის გმირები, ომის მონაწილე დევნილები, რომლებმაც უდიდესი კმაყოფილება გამოთქვეს თანადგომისთვის. ეს დღე არაჩვეულებრივი იყო ჩემს ცხოვრებაში. მგონია, მეც რაღაცით დავეხმარე ჩემს გულნატკენ ხალხს. მათ საჩუქრად დაურიგდათ წიგნის ეგზემპლარები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამ დიდებულ საქმეში თანადგომისთვის თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს და ქალბატონ გულიკო ზუმბაძეს.
– მარო მაყაშვილზე ლექსის ავტორი ხართ. როგორ დაწერეთ ეს ლექსი?
– მარო მაყაშვილი იუნკრებთან ერთად ხომ თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. 215-ე საჯარო სკოლიდან ხშირად დამყავდა მოსწავლეები კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან, სადაც გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა და სადაც გმირთა სადიდებლად მცირე მემორიალია დადგმული. იქ, ჩვენ, თებერვლის ცივ დღეს წითელი ყვევილები მიგვქონდა მებრძოლთა პატივსაცემად. ისინი ხომ წაგებულ ომში გამორჩეულ გმირებად დარჩნენ. სწორედ მაშინ დაიწერა ლექსი მარო მაყაშვილზე.
სკოლის შემდეგ ჩემთვის უდიდესი შვება იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიაში მისვლა, სადაც ყოველთვის გამოცდილი, მეგობრული, არაჩვეულებრივი პედაგოგები მეგულებოდნენ: ლიგია (ფაცია) პაიჭაძე, ანო კასრაძე, მიხეილ გოგუაძე და ლალი ჯაფარაშვილი. მე ხომ უამრავ კონფერენციაში ვმონაწილეობდი ჩემი მოსწავლეებით.
შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიის დამაარსებელი იყო ფაცია დეიდა, რომელიც უძღვებოდა სიცოცხლის ბოლომდე. მის ხელშია აღზრდილი ჩვენი დროის ყველა დიდი კალმოსანი. ფაცია დეიდა დიდ და საინტერესო ღონისძიებებს აწყობდა. ერთ-ერთი ასეთი იყო მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილი, რომელსაც ესწრებოდა მარო მაყაშვილის და – ნუგეშა. ახლაც მახსოვს ამ ღონისძიების ამაღელვებელი განწყობა. სწორედ აქ წავიკითხე ლექსი მარო მაყაშვილზე.
– მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბოლო წლებია სოფელში ცხოვრობთ. ეს არის საზღვრისპირა სოფელი დირბი, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღე აღინიშნება. როგორია თქვენი ცხოვრება მანდ?
– ჩემს ბავშვობაში ღვთისმშობლის ეკლესია მიტოვებულ საყდარს წარმოადგენდა. კედლები თეთრად იყო გადაღებილი, არცერთი ფრესკა არ ჩანდა, მაგრამ რესტავრაციის შემდეგ საოცრება ვიხილეთ. მიდგომილი ღვთისმშობლის მშვენიერი ხატი გამოჩნდა კედელზე. ეს იყო სასწაული. ახლა მოქმედი ტაძარია. მკურნალი ხატის შეწევნით უამრავი ბავშვი იბადება. 13 აგვისტოს ხატის დღე აღინიშნება.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბოლო წლებია აქ ვცხოვრობ. დედამიწის ზურგზე, ამაზე კარგი ადგილი თუ არსებობს ვერ წარმომიდგენია. ეს არის ფიქრის, პოეზიის, სიმშვიდის და სიყვარულის სავანე. აქ თითოეული ხეც, ბალახიც, კენჭიც კი მშობლიურია.
მიყვარს ჩემი მიწა-წყალი, აქ მცხოვრები ხალხი, ეზოდან რომ გავიხედავ 3 დიდი ალვის ხე ჩანს და იმის იქით გადამთიელია დაპატრონებული. ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ყველაზე მეტად აქ ყოფნა უხარიათ. ჩემი ცხოვრება აქ გაცილებით საინტერესოა, ვიდრე დიდ ქალაქში. ჩვენ ხომ გამორჩეული, მიდგომილი ღვთისმშობლის პატრონები ვართ.
– თქვენი ლექსებიდან რომელზე გაამახვილებდით ყურადღებას? ერთი ლექსი…
– მიჭირს რომელიმე ლექსის გამორჩევა, იმიტომ რომ ბევრი მათგანი მიყვარს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გულზე მხვდება „ჩვიდმეტნი“. უახლოესი ტკივილია და დავიწყება შეუძლებელია.

ჩვიდმეტნი

მინდვრებს ადნება მზე – ცის ზედაშე,
ათბობს დაკარგულ საზღვრის ნაწილებს,
მუხლს ვუყრი რწმენას,სიმტკიცით ნაშენს,
შინდისიდან რომ მზეს გააბრწყინებს.
დგანან სახლები, თვალებდათხრილი,
ლიანდაგი კი სადღაც გზას იკვლევს,
შორიდან ისმის თქვენი ძახილი,
საით მიდიხართ?! – ალბათ ზეცისკენ.
გადარჩენისთვის მამაცი ერის
ზარი ხომ ვინმემ უნდა დარეკოს?
ასე ამაღლდა თვდორე ბერი,
ეწირებოდა მამულს „შავლეგო“.
ცეცხლი ეკიდა ქართლის მთა-გორებს
და უკვდავებაც აქ დაგეწიათ,
იმ დიდ სიყვარულს ვერ დაგაშორეს,
უფალივით რომ ერთადერთია.
ცა სიცხისაგან გათანგულ მიწას,
მიუალერსებს,ნამის მირონს სცხებს,
ეგ თავგანწირვა დაგვრჩება ფიცად,
რომ ამჯობინეთ ნაზრახ სიცოცხლეს!
აგვისტოს ცეცხლით დამწვარ სამშობლოს
თავი მტრისათვის რომ დაეღწია,
სულმოკლეობა?! – ღმერთმა გაშოროთ,
ერთად გესროლეს ჩვიდმეტი ტყვია!
მზე ჩაესვენა ჩვიდმეტჯერ ციდან,
წყარომ შეწყვიტა ჩვიდმეტჯერ ჩქერა,
რწმენა ჩვიდმეტჯერ სიცოცხლეს ცდიდა,
მაგრამ ერთხელაც ვერ შეაჩერა.
ამაყი იყო ეგ შემართება,
ახალგაზრდული, დაუდეგარი,
კაცი მეორედ რომ იბადება,
აინთება და ბოლოც ეგ არი!
წუხს სამაჩაბლო, დუმს ეკლესია,
ცა ჩამოძენძეს ისევ წვიმებმა,
სენაკის მებრძოლთ რაც გითესიათ,
აღარასოდეს გაიწირება!
გულისტკივილი რამ გამიმთელოს,
გზა-გზა შემხმარი სამკალი ყრია,
მკერდს ჩარჩენია მთელ საქართველოს,
შინდისს ნასროლი ჩვიდმეტი ტყვია.
მოხვალთ სიმღერად,მოხვალთ ლექსებად,
ვინ დაავიწყოს ქართველს გმირები,
რწმენის კედელი რწმენით იგება,
მოვლენ ბიჭები თქვენნაირები.
თქვენი ღიმილით სიკვდილს ამარცხებთ,
თქვენი ღიმილით არც იღუპებით,
ახალგაზრდებს და ასე მამაცებს,
მზე ხელთ გიპყრიათ თავისუფლების!

– ჰობი…
– ჩემი ჰობია კითხვა. ჩემს მაგიდაზე მუდამ გადაშლილი წიგნი დევს. ასევე ჰობია ახალგაზრდებში  პოეზიის და, საერთოდ, ლიტერატურის სიყვარულის დანერგვა. მინდა პოეტურ საღამოებს ჩავუყარო საფუძველი. უკვე რამდენიმე შეხვედრაც გვქონდა. ჯერჯერობით ბევრნი არ ვართ, მაგრამ რაც მთავარია, ვიკრიბებით, ვკითხულობთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ, კითხვებს ვსვამთ და ვწერთ. ეს ხდება ჩემს ეზოში ქართლის ლამაზი საღამოების ფონზე.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები და ფიქრები ბევრი მაქვს, მაგრამ არსებულმა ვითარებამ ხელი შემიშალა. რაიონის მასშტაბით დაგეგმილი იყო შეხვედრა დევნილებთან და ჩემი წიგნის განხილვა – „იმედით ძლეული უიმედობა“. ასევე, მინდოდა ამ წიგნების საჩუქრად გადაცემა შინდისის გმირების ოჯახებისათვის. ორი წელია გამოსაცემადაა გამზადებული და გამომცემლობაში დევს ჩემი ახალი წიგნი „ანბანი – საქართველოა“.
გამოსაცემად ვამზადებ ლირიკული ლექსების სრულ კრებულს.
წლების განმავლობაში ვიბეჭდები ჟურნალ „დილაში“. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა. იქ ყოველთვის საინტერესო ადამიანები მეგულებიან. 116 წლის ჟურნალს სათავეში უდგას გამოცდილი ქალბატონი დოდო წივწივაძე, რომლის ძალისხმევითაც ჟურნალი ბევრჯერ გადაურჩა დახურვას. ისინი აწყობენ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს. ერთ-ერთი მათგანი იყო საზღვრისპირა დასახლებაში საქველმოქმედო გასვლა, რითაც მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა.
გამოსაცემი მაქვს ერთი საბავშვო კრებულიც.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება კი ასეთია: დავწერო წიგნი უკვე დაბრუნებულ, გამთლიანებულ სამშობლოზე.

 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები