მე იმ ომის მომხრე ვარ, რომელიც ყველა ომს დაასრულებს – ჩილელი პოეტი პაბლო ნერუდა

„მინდა ვიცხოვრო ისეთ სამყაროში, სადაც ყველა ადამიანი ადამიანია და მას არ სჭირდება სხვა ტიტული, მას არ სჭირდება ტვინის მტვრევა წესებზე, სიტყვებსა თუ იარლიყებზე. მინდა, რომ ყველა ეკლესიასა და რედაქციაში შეიძლებოდეს შესვლა. აღარავინ გვიყარაულოს კარებთან ციხეებში წასაყვანად ან ქვეყნიდან გასაგდებად. დაე, ყველამ შიშის გარეშე იაროს მუნიციპალურ სასახლეში და იქიდან სახეზე ღიმილით გამოდიოდეს. არავინ გადაირჩინოს თავი გაქცევით გონდოლაზეც კი. მე არ მინდა, რომ ვინმეს მოტოციკლით მისდევდნენ. მინდა, რომ ყველას შეეძლოს საუბარი, მოსმენა, კითხვა და ყველა ყვაოდეს. მე იმ ომის მომხრე ვარ, რომელიც ყველა ომს დაასრულებს. მე იმ სისასტიკის მომხრე ვარ, რომელიც ყველა სისასტიკეს ამოძირკვავს. მე ავირჩიე გზა და მჯერა, რომ ეს გზა ადამიანობამდე მიგვიყვანს. მე ვიბრძვი სიკეთისთვის – ყოვლისმომცველი, ფართო, დაუსრულებელი სიკეთისთვის…“


რიკარდო ელისერ ნეფტალი რეიეს ბასოალტო, იგივე პაბლო ნერუდა – ჩილელი პოეტი, დიპლომატი, სენატორი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მერკურზე.

დაიბადა ცენტრალური ჩილეს პატარა ქალაქ პარალში, რკინიგზელისა და პედაგოგის ოჯახში. დედა ადრევე გარდაეცვალა ტუბერკულოზით.

ლექსების წერა 10 წლის ასაკში დაიწყო. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს. 1927-1932 წლებში დიპლომატიურ სამსახურში იყო მიანმარში, შრი-ლანკაში, სინგაპურში, ინდონეზიაში. 1933 წელს კონსულად დანიშნეს არგენტინაში. 1934 წლიდან კი ბარსელონაში იყო კონსული.

1936 წელს დაწყებულ ესპანეთის სამოქალაქო ომში, როგორც ყველა კულტურის წარმომადგენელი, თანაუგრძნობდა რესპუბლიკელებს.

1939-1943 წლებში უკვე კონსულია მექსიკაში. 1943 წელს დაბრუნდა ჩილეში და შეუდგა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1945 წელს აირჩიეს ჩილეს სენატის წევრად, სადაც წარმოადგენდა ჩრდილოეთის რეგიონებს ანტოფაგასტას და ტარაპაკას. ამავე წლის 15 ივლისს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. ამავე წელს მიიღო ეროვნული ლიტერატურული პრემია.

1948 წლის 6 იანვარს პაბლო ნერუდამ სენატის სხდომაზე ჩილეს პრეზიდენტს გაბრიელ გონსალეს ვიდელას საჯაროდ უწოდა ამერიკის მარიონეტი, რის გამოც მას ჩამოართვეს დეპუტატის მანდატი და იძულებული იყო გადასულიყო არალეგალური ცხოვრების წესზე. 1949-1953 წლებში ემიგრაციაშია ჯერ არგენტინაში შემდეგ საფრანგეთში. 1970-1972 წლებში სალვადორ ალიენდეს მთავრობის ელჩი იყო საფრანგეთში.

1971 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. 1972 წელს მძიმედ ავადმყოფი პაბლო ნერუდა დაბრუნდა ჩილეში. 1973 წლის 11 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ სანტიაგოში მდებარე მისი სახლი გაძარცვეს. თავად მწერალი კი გარდაიცვალა კლინიკაში გადატრიალებიდან 12 დღეში. ნერუდას დაკრძალვა გახდა აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პირველი მასობრივი დემონსტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები