ძარცვავდა ბანკებს და ფულს ღარიბებს ურიგებდა – როგორი იყო ამერიკის ყველაზე სიმპატიური განგსტერი
გასული საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ძალიან ბევრი ცნობილი დამნაშავე დაიბადა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოახერხა დარჩენილიყო ადამიანთა მეხსიერებაში, როგორც კეთილშობილი „რობინ ჰუდი“, რომელიც უბრალო ადამიანებს ეხმარებოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ჩარლზ არტურ ფლოიდი, ზედმეტსახელად – ლამაზმანი. ის ბანკებს ძარცვავდა და იპოთეკის ხელშეკრულებებს ანადგურებდა, რითიც მოქალაქეებს ვალების ორმოდან იხსნიდა, რომელშიც მათ სახელმწიფო აგდებდა.
ეს ზედმეტსახელი მან მას შემდეგ მიიღო, რაც მორიგი ბანკის გაძარცვის შემდეგ, შენობიდან გასვლისას მანქანის ფანჯრიდან ფულით სავსე ჩანთა გადმოაგდო. თვითმხილველმა ის აღწერა, როგორც „კარგი ადამიანი, მიმზიდველი გარეგნობით“. ორი წლის განმავლობაში, მან 51 ბანკის გაძარცვა მოახერხა. ის ბანკირებისა და სამართალდამცავების რისხვა გახდა, ვინაიდან, სამწუხაროდ, ყოველი ძარცვისას ის კლავდა პოლიციელებს, რომლებიც წინ ეღობებოდნენ. მიუხედავად ამისა, მკვლელობები უარყოფითად არ მოქმედებდა მის ცნობადობაზე იმ მოქალაქეებს შორის, რომელთაც ის დემონსტრაციულად ათავისუფლებდა სახლებისა და ფერმების დაყადაღებისგან. თავად ჩარლზი საკუთარ თავს მართალ დამნაშავედ მიიჩნევდა და არასდროს მალავდა საკუთარ სახელს. როგორც ამბობენ, ბანკის მუშაკებთან ყოველთვის ზრდილობიანი იყო.
დანაშაულმა და ცნობადობამ იქამდე მიიყვანა, რომ პოლიციამ და სპეცსამსახურებმა ის № 1 საზოგადოებრივ მტრად გამოაცხადეს. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მისი სახელის გასვრას, აწერდნენ ისეთ მკვლელობებსა და დანაშაულებს, რომლებიც არასდროს ჩაუდენია. პოლიციას ჰქონდა ბრძანება, არ აეყვანათ იგი ცოცხალი და დაკავებისას მოეკლათ. ზუსტად ასე მოხდა ბუფალოში, როდესაც ჩარლზს სურდა ბოლო ძარცვა განეხორციელებინა და ქვეყანა დაეტოვებინა. „ლამაზმანი“ პოლიციის თანამშრომელმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობის დროს მოკლა. ფლოიდის გვამი დამკრძალავ ბიუროში გადაასვენეს, სადაც 1 დღის განმავლობაში 10 ათასი ადამიანი მივიდა, რათა ლეგენდარული დამნაშავე მკვდარი მაინც ენახათ.