თამარ გაბუნია: უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა
“უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი დოზებია.
“მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია ამ პროცესში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ეს კამპანიური სახით აქამდეც მიმდინარეობდა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. დღეს სამივე კომპონენტი, რომელიც ვაქცინაციისთვის გვჭირდება, ადგილზეა. ეს არის ვაქცინების საკმარისი დოზები, სამედიცინო დაწესებულებები მობილიზებულია და ემატება ყოველდღიურად და ასევე მოქალაქეების აქტიურობა. ჯერჯერობით მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენს გეგმაშია, რომ კიდევ მეტი ადმინისტრირების ადგილი გაჩნდეს, ანუ, ვაქცინაციის ცენტრები როგორც დიდ ქალაქებში, ისე რაიონულ ცენტრებში. უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.