მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება

იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება, – ასე მიმართა დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

მან პატრიარქს ილიაობა მიულოცა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება.

იმ სათნოებათა წყალობით, რომლებიც თქვენ უხვად გაგაჩნიათ, არაერთხელ გადაგირჩენიათ მძიმე განსაცდელის ჟამს ჩვენი ქვეყანა და მრავალი ჩვენთაგანი. საყოველთაოდ ცნობილია, პატრიარქობის თუ რა მძიმე ჯვარი გარგუნათ უფალმა. ამ ჯვარს თქვენ უკვე 44 წელია მოწამეობრივი მსახურებით, უფლისადმი მორჩილებითა და თქვენი სამწყსოსადმი დიდი სიყვარულით ატარებთ. კერპთა დამამხობელისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი ილია თეზბიტელის მსგავსად, თქვენი ლოცვითა და ბრძნული მამამთავრობით მრავალი სულიერი კერპი და ცრუ იდეოლოგია დაემხო, რომელიც ადამიანსა და ღმერთს ერთმანეთს აშორებდა.

სწორედ თქვენი დიდი ძალისხმევით დაიწყო საეკლესიო ცხოვრების აღორძინების, ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნებისა და სულიერი აღმავლობის პროცესი. მიუხედავად იმჟამინდელი ათეისტური ხელისუფლების წინააღმდეგობისა, თქვენი მზრუნველობის და დიდი ძალისხმევის შედეგად, გამრავლდა და აღორძინდა ეპარქიები, იკურთხა ახალი მღვდელმთავრები, გაიხსნა ეკლესია-მონასტრები, აშენდა საკათედრო ტაძრები, საეპარქიო სახლები. თქვენი დიდი ღვაწლის შედეგად, შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, წმინდანად შეირაცხა მრავალი საეკლესიო მოღვაწე, სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა და მრავალი სხვა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები