თეიმურაზ ჯანჯალია იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პიერო ფასინოს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციასა და თანამშრომლობის განვითარებაზე.
ხაზი გაესვა ასევე საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებას, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენას, „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმებსა და ამ პროცესში იტალიის მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობა ნატოს ღია კარის პოლიტიკის გააქტიურების კუთხით. თეიმურაზ ჯანჯალიამ პიერო ფასინოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებასა და იტალიის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას.
იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. საუბარი შეეხო ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.