საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
2021 წლის 26 ივლისს, რომში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო იტალიური მხრიდან – სახელმწიფო მდივნის მოადგილე მანლიო დი სტეფანო., – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა; ხაზი გაესვა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის და აღნიშნული პლატფორმის ეფექტიანი გამოყენების საკითხს, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას.
კონსულტაციების ფარგლებში, თეიმურაზ ჯანჯალიამ და მანლიო დი სტეფანომ ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე, სამომავლოდ, სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობების მეტად გაღრმავებისა და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
ამასთან, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ენერგეტიკის, ტურიზმის საზღვაო, საერთაშორისო სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. კონსულტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ იტალიელ დიპლომატთან საუბრისას ხაზი გაუსვა 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენას, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების, დარგობრივი თანამშრომლობის მეტად განვითარების საკითხებს და „ასოცირებული ტრიოს” სამომავლო გეგმებს.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ამ კონტექსტში ქართული მხარის მოლოდინები და ყურადღება გაამახვილა იტალიური მხარის პოზიციის არსებით მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე. ასევე, თეიმურაზ ჯანჯალიამ მანლიო დი სტეფანოსთან საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს ალიანსში სრულფასოვანი წევრობის სურვილს და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გააქტიურების კუთხით. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-ს ფარგლებში არსებული ღირებული თანამშრომლობისთვის, მათ შორის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ამასთან, იტალიელ კოლეგას დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას და იტალიის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას.
იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. კონსულტაციების დროს საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა თანამშრომლობის მეტად განვითარებისა, მათ შორის, ხაზი გაუსვეს საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის მნიშვნელობას, რომელიც აღინიშნება 2022 წელს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.