გიორგი ჩაკვეტაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ტოკიოში დღეს გახსნილ, ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველ ოლიმპიელებს წარმატება უსურვა. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ ქართველი სპორტსმენები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

,,მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს ოლიმპიელებს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სპორტსმენები ამ ოლიმპიადაზეც გვასახელებენ, ქართულ დროშას ააფრიალებენ და საქართველოს ჰიმნს არაერთხელ ააჟღერებენ“, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 35 სპორტსმენი იასპარეზებს.

გარდა ამისა, გიორგი ჩაკვეტაძე მუნიციპალიტეტის მხრიდან ქართული სპორტის მხარდაჭერის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებისთვის ბოლო წლებში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა.

,,აქტიურად მიმდინარეობს თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ასევე, სპორტსმენების, მწვრთნელების, ფედერაციებისა და კლუბების მხარდაჭერა. პანდემიის მიუხედავად, სპორტის დარგის განვითარება არ შეჩერებულა და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ერთად კიდევ უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესში პოზიტიური ცვლილებები ხორციელდება.

,,აღსანიშნავია, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ საკითხს, რომელიც პარასპორტისა და ქალთა სპორტის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გულისხმობს. ეს ინიციატივა პირადად დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ეკუთვნის და მადლობა საქალაქო სამსახურს ამ საკითხის მომზადებისთვის“,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, დადგენილებაში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის, ქალთა სპორტის, პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების წახალისებას. ქალთა სპორტში ჩართულობის გაძლიერებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და განვითარებას.

აგრეთვე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღსანიშნავია   2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც,  ხელი შეეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურის მეტად განვითარებას  და  მეტი ახალგაზრდული პროგრამის განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები