თბილისის საკრებულოს ინიციატივით, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ ფინალი გაიმართა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინალში ერთმანეთს ქალაქ თბილისის N126-ე და N115-ე საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ გამარჯვებული N115-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
ფინალურ მატჩს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და სააფთიაქო ქსელ „პსპ’’ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ N115-ე საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ტურნირის ყველა მონაწილე გამარჯვებულია.
„მინდა მივულოცო ყველა მონაწილეს და მადლობა გადავუხადო ორგანოზატორებს, განსაკუთრებით საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას, რომელმაც დიდი ძალისხმევა გასწია ამ შეჯიბრის ჩასატარებლად,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ამ ტურნირის ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეიქმნა, რომელიც 2021 წლის 12-15 აგვისტოს, მინი ფეხბურთის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
„მინდა ფინალის მონაწილეებს წარმატება მივულოცო. ასეთი შეჯიბრებები მასობრივი სპორტის განვითარებას და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სასკოლო ლიგა მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყო და მასში თბილისის 100-მდე საჯარო სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეიქმნა, რომელიც 2021 წლის 12-15 აგვისტოს, უკრაინაში (ქ. კიევი) მინი ფეხბურთის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
სასკოლო ლიგა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემითა და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით მას შემდეგ წარმატებით ხორციელდება.