„საქართველოს ტურისტები არ უნდა შემოეშვა იმ ქვეყნებიდან, სადაც ვიცით, რომ “დელტა შტამის” აფეთქებაა“ – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების წევრის, მედიცინის დოქტორის, ზაზა წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტურისტები იმ ქვეყნებიდან არ უნდა შემოეშვა, სადაც  “დელტა შტამის” აფეთქებაა.

ამის შესახებ წერეთელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვხვდები, საქართველომ შეზღუდვები იმის გამო მოხსნა, რომ ტურისტული სეზონია და ტურისტები უნდა შემოსულიყვნენ. მაგრამ აქაც ისე შეიძლება მოქცევა, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ. პირველ ყოვლისა, ტურისტები არ უნდა შემოეშვათ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვიცით, რომ ,”დელტა შტამის” აფეთქებაა. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ რუსეთში “დელტა შტამის”  აფეთქებაა და ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, რომ შეგვეზღუდა მათი შემოსვლა, გვეთქვა, დიდი ბოდიში, თქვენს ქვეყანაში ვირუსის აფეთქებაა და ვერ შემოგიშვებთო.

მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ შემთხვევების რაოდენობა რადგანაც ასე იმატებს, ეს ძალიან დიდი საშიშროებაა. მეორეც: სახელმწიფომ უნდა ახსნას, რომ პრობლემა არის არა მარტო ვირუსის შეხვედრა, ასევე, ძალიან დიდი პრობლემა პოსტკოვიდური სიმპტომებია. უკვე დაადგინეს, რომ ვინც ვირუსი გადაიტანა, მათ 70 % – ზე მეტს 6 თვე და მეტი რაღაც სიმპტომები რჩება, რომელიც მის შრომისუნარიანობას აქვეითებს. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, პრობლემა იყოს არა მარტო ის, რომ დაავადებული ხალხი გვყავს, ჩვენთვის პრობლემა შეიძლება, იყოს ისიც, რომ შრომისუნარიანი ხალხის რაოდენობა შემცირდება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები