„საწყის ეტაპზე, “დელტა” შტამის სიმპტომები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას, ამიტომ, ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს“ – ზაზა წერეთელი
“ამ მომენტისთვის, ჩვენი მთავარი პრობლემა არის “დელტა შტამი”, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების წევრმა, მედიცინის დოქტორმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.
წერეთლის თქმით, “დელტა შტამზე” ერთი დოზით აცრა არ მუშაობს.
„კვლევებმა, რომლებიც “დელტა შტამის” შესახებ ექვს ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ აუცილებელია ორი დოზით აცრა იმიტომ, რომ ერთი დოზით აცრა ამ შტამზე არ მუშაობს და მისი ეფექტურობაც 30%-ია . ამიტომ ჩქარობს ყველა ქვეყანა და ამიტომაც უნდა მოხდეს საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ორჯერადად აცრა. “დელტა შტამმა” შეცვალა კიდევ ერთი რამ: ადრე ქვეყნები ამბობდნენ, მათ შორის, საქართველოც, რომ მოსახლეობის 60% უნდა აცრილიყო. ახლა ყველა ამბობს, რომ საჭიროა მოსახლეობის 80%-ის აცრა იმისთვის, რომ ამ შტამის სწრაფი გავრცელება შევაჩეროთ. რაც შეეხება “ლამბდა შტამს”, ამ მომენტამდე მსოფლიოში მხოლოდ 700 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს შემთხვევები, ძირითადად, არის სამხრეთ ამერიკაში.
ამ მომენტისთვის ჩვენი მთავარი პრობლემა არის “დელტა შტამი” იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. “დელტა შტამი” სხვებისგან განსხვავდება იმით, რომ ამ შემთხვევაში დაავადებულ ადამიანს ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები არ ეკარგება. მისი სიმპტომები საწყის ეტაპზე ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას, ამიტომ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამას ყურადღებას არ აქცევს და სწორედ ამან გამოიწვია მისი სწრაფად გავრცელება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა.
თამუნა შეყილაძე