„აგვისტოში “დელტა” ვარიანტი დომინანტური იქნება, რაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს“ – ივანე ჩხაიძე
“რამდენიმე კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების კიდევ უფრო ზრდადი მაჩვენებლის თვალსაზრისით, ქვეყანა დიდი რისკის ქვეშ იქნება“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.
„ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, ჰოსპიტლებში მიმართვიანობა, ასევე, ის რიცხვი, რომელიც აქტიური შემთხვევების რაოდენობას გვიჩვენებს, ივნისის ბოლო კვირასთან შედარებით, პრაქტიკულად, გაორმაგებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუშინწინ დაფიქსირებული რიცხვი – 2600 ინფიცრებული, კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის მიმდინაროებისას 5 მაისს 2100 ინფიცირებული გვყავდა და იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა, თუმცა, ბოლო კვირის მონაცმებმა მესამე ტალღის სტატისტიკაც მნიშვნელოვნად გააუარესა და შეიძლება, ჩაითვალოს, რომ საქართველოში მესამე ტალღა, ჯერჯერობით, აღმავალ გზაზეა, რაც ძალიან ცუდია.
ჯერ კიდევ წინ გვაქვს ზაფხულის პერიოდი. აქტიური ტურიზმის პიკი საქართველოში აგვისტოს თვეზე მოდის, ასე რომ, ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანა იქნება დიდი რისკის ქვეშ კიდევ უფრო ზრდადი ინფიცირების მაჩვენებლის თვალსაზრისით“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი უკვე ინფიცირებულების 40 %-ში ფიქსირდება.
„ის, რაც შეიძლება, ამ მატების უკან იდგეს, არის კორონავირუსის ერთერთი მუტაცია, ე.წ. დელტა ვარიანტი. ის თანდათან ანაცვლებს ,,ალფა,, ვარიანტს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ,,დელტა,, ვარიანტი უკვე ინფიცირებულების 40 %-ში ფიქსირდება. ამ ვარიანტს 2-3 კვირაში შემთხვევების გაორმაგების უნარი ახასიათებს. ძალიან დიდი ალბათობით, აგვისტოს თვეში საქართველოში ,,დელტა,, ვარიანტი დომინანტური იქნება, რაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ეს არის ვარიანტი, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით, უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. ასე რომ, ,,დელტა,, ვარიანტის მიერ ,,ალფას,, მთლიანად ჩანაცვლება, მისი უპირატესობა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 150 – 200 ბავშვი ინფიცირდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
„დელტა,, ვარიანტის ერთერთი თავისებურება, რაც დიდი ბრიტანეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად გამოიკვეთა, არის ახალგაზრდებსა და ბავშვებში მისი უფრო მეტაც გავრცელება. ეს აისახა კიდეც საქართველოს რეალობაში. მნიშვნელოვნად მოიმატა საავადმყოფოებში მიმართვიანობამ. მდგომარეობის სიმძიმის გამო უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა. უფრო მეტი პაციენტია საავადმყოფოებში. ეს იმას ნიშნავს,რ ომ უფრო მეტია მძიმე შემთხვების რისკი. უფრო მეტია რისკი, რომ ისინი საჭიროებენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას. ეს ერთერთი თავისებურებაა კორონავირუსის ,,დელტა,, ვარიანტისა, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მომდევნო დღეები და კვირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისითაც. თუ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10 % ბავშვია, გამოდის,რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150 – 200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თუ ყოველდღიურად 100-დან 200-მდე ბავშვი იქნება ინფიცრებული, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ მათ შორის იქნება მძიმე მდგომარეობა. ამ მხრივ პედიატრიული კლინიკების, განსაკუთრებით კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტების მზადება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა.
თამუნა შეყილაძე