“კარგი იქნებოდა, 5 ივლისამდე მოსულიყავით და გაგაფრთხილებდით, რომ არ მომხდარიყო ეს უბედურება ქვეყანაში, რაც მოხდა”, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მინისტრს მოუწევდა გაცილებით მეტი პრევენციული ზომების გატარება, რადგანაც მათ და მით უმეტეს გომელაურს ჰქონდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.
„კარგი იქნებოდა, 5 ივლისამდე მოსულიყავით და გაგაფრთხილებდით, რომ არ მომხდარიყო ეს უბედურება ქვეყანაში, რაც მოხდა.
მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, მე ვფიქრობ, ახლა იმის ჭიდილს, რომ ამ შემთხვევაში გავაგრძელებ იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ (სხდომას), აზრი არ აქვს. ბატონი ვახტანგი, რომ მოსულიყო 5 ივლისამდე, როცა ჩვენ მას ვთხოვეთ მოსვლა პარლამენტში, დარწმუნებული ვარ არ მოხდებოდა ის უბედურება, რაც მოხდა ქვეყანაში. იმიტომ, რომ მას მოუწევდა გაცილებით მეტი პრევენციული ღონისძიების გატარება, რადგანაც ჩვენც გვქონდა ინფორმაცია და მით უმეტეს მას ჰქონდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებში აბსოლუტურად ბუნებრივია ეს პროტესტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.