ალექსანდრე დარახველიძე – “ჩვენ ვმოქმედებდით კანონის სრული დაცვით, რომ არა ექსპერტიზა, ჩვენ დღეს არ გვექნებოდა ის სურათი, რაც გვაქვს” 

“ექსპერტიზის შედეგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 11 ივლისს ტელეკომპანია “ტვ1”-ის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძების შესახებ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში:

“უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ქმედების გარშემო სიმართლის და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად ექსპერტიზა და ასევე ექსპერტიზის შედეგები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება. თუ არ ჩატარდა ექსპერტიზა, გამორიცხულია, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, კონკრეტულად რა მოხდა, რამ გამოიწვია ამა თუ იმ პირის გარდაცვალება, და ჩვენ ეს წარსულ საქმეებშიც ძალიან კარგად ვნახეთ. ექსპერტიზის შედეგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

მე ერთ საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას, კანონში პირდაპირ და ცალსახად წერია, რომ გამოძიების დადგენილება, რომელიც ამ საქმეზე გამოცემული იყო, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ყველასთვის სავალდებულოა შესასრულებლად, შესაბამისად, გარდა ამისა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც მიიჩნევს, რომ ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში, თუნდაც ოჯახის წევრების გარკვეული მოსაზრებები შეიძლება რაღაც დონეზე უფრო ნაკლები ინტერესის მქონე იყოს, უფრო მეტი ინტერესი მიენიჭოს გამოძიების და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. ის, რაც მოხდა, არის აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, როგორც ჩვენი კანონმდებლობით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. არაერთი გადაწყვეტილებაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში, სადაც მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს მოქმედება გამართლებულად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებდით კანონის სრული დაცვით. რომ არა ექსპერტიზა, ჩვენ დღეს არ გვექნებოდა ის სურათი, რაც გვაქვს”, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს მოსაზრება, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა სხვადასხვა დღეს არის გადაღებული, რადგან გარდაცვლილს სხვადასხვა ფერის მაისური ეცვა, ალექსანდრე დარახველიძე პასუხობს:

“კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას ჰქონდეს სრული წარმოდგენა. ჩვენ დღეს, როცა ვიძიებთ სხვადასხვა ტიპის დანაშაულს და მათ შორის ამ დანაშაულს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ჩვენ ეს ჩანაწერები ამოვიღეთ სხვადასხვა კერძო მესაკუთრის, ასევე 112-ის სარგებლობაში არსებული კამერებიდან, მერიის და ა.შ. ეს არის ღია სათვალთვალო კამერები, სადაც თითოეული ჩვენგანი, როცა გადავაადგილდებით ქალაქში, ხდება ჩვენი აღბეჭდვა და როცა ხდება დანაშაული, ბუნებრივია, სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, მოახდინოს ამ ჩანაწერების ფიქსაცია, გადაღება, დათვალიერება და მტკიცებულებად საქმეზე დართვა. ჩვენ, გარდა იმისა, რაც კანონში წერია, რაც პროცესით არის და სისხლის სამართლის გამოძიებისთვის  არის აუცილებელი, სხვა მეტი მოქმედება არ განგვიხორციელებია. ეს არის იმ კადრების შედეგი, რაც გამოძიებაში დევს. დედა ცნობილია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ , მას უფლება აქვს, რომ ადვოკატთან ერთად გაეცნოს მასალას. თუკი რაიმე კითხვები არსებობს – რამდენად კანონიერად მოხდა ჩანაწერების მოპოვება, საქმეზე სწორად არის თუ არა დამაგრებული თითოეული მტკიცებულება, ბუნებრივია, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები”,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები