ვახო სანაია: დღეს ჩვენ გვახრჩობენ და გვეუბნებიან, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა გავუწოდოთ
“დღეს ჩვენ გვახრჩობენ და გვეუბნებიან, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა გავუწოდოთ, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენ ამას ვაჩვენებთ ჩვენი ბრძოლით”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც სანაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” ყველა ინსტიტუტი მოკლა საქართველოში.
“ჩვენ დაგპირდით, რომ მხოლოდ სტუდიებიდან კი არა, ქუჩაში ვიბრძოლებთ, თქვენთან ერთად ვიქნებით. ჩვენ მთავარი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ თქვენ, ისევე, როგორც თქვენ არ მიგვატოვებთ ჩვენ, ქართულ მედიას, იმიტომ, რომ თუ არ იქნება ქართული მედია, ჩვენ ვერ გავაგონებთ ჩვენს ხმას ერთამენთს. ყველა ინსტიტუტი მოკლა საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ ბოლო ბასტიონი ვართ და ჩვენ არ დავეცემით. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ჩვენი კოლეგა, ჩვენი თანამოქალაქე, შემდეგ როგორ გაწირეს ის მეორედ სიკვდილისთვის, როცა ლაფი მოსცხეს მის ხსოვნას, ამიტომ ჩვენ ამას არ შევეგუებით,“- განაცხადა სანაიამ.